2016 წელს მოქალაქეთა განცხადებების, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და კონსულტაციების დიდი ნაწილი კვლავ არასასურველ სარეკლამო შეტყობინებებს შეეხებოდა. წინა წლებისგან განსხვავებით, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იყო სატელეფონო ზარების საშუალებით განხორციელებული პირდაპირი მარკეტინგი.
2016 წელს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ პირდაპირი მარკეტინგის წესის დარღვევის შესწავლის მოთხოვნით, ინსპექტორს 48-მა მოქალაქემ მიმართა. აქედან, პირდაპირი მარკეტინგის კანონით განსაზღვრული წესების დარღვევის 30 შემთხვევა გამოვლინდა. 27 შემთხვევაში მოხდა ჯარიმის დაკისრება, ხოლო 3 შემთხვევაში სანქცია ვერ შეეფარდა, კანონმდებლობით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა შეეხებოდა სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით განხორციელებულ სარეკლამო შეთავაზებებზე უარის თქმის მექანიზმის არარსებობას ან მათი ხარვეზებით ფუნქციონირებას. კომპანიები, რომლებიც საქონელსა თუ მომსახურებას სატელეფონო ზარების მეშვეობით სთავაზობდნენ მოქალაქეებს, არ აწვდიდნენ ინფორმაციას მისი უფლების შესახებ, რომ
შეუძლიათ მოითხოვონ მათი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა. ცალკეულ შემთხვევებში, მოქალაქის მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის შემდგომ მათ კვლავ უკავშირდებოდნენ, მოქალაქეებს არ აწვდიდნენ ინფორმაციას მათი მონაცემების მოპოვების წყაროს შესახებ და ა.შ
„არსებული პრაქტიკა ასევე გვიჩვენებს, რომ კომპანიების უმეტესობა მომსახურების/პროდუქციის შეთავაზებისას სატელეფონო საუბრის პროცესში არ ატყობინებენ მოქალაქეებს, რომ მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ თავიანთი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენების შეწყვეტა და ამასთან, არ აფიქსირებენ მოქალაქის მხრიდან ზეპირად გამოხატულ უარს. საანგარიშო პერიოდში ინსპექტორის გადაწყვეტილებით, არაერთ კომპანიას დაევალა, სატელეფონო ზარის საშუალებით პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებისას მოახდინოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მისი უფლებების თაობაზე“, - განმარტავენ უწყებაში.

























