"ეს იყო ჩემი ემოციური განცდა იმ მომენტში. ტირილი და ემოციის გამოხატვა არ არის სირცხვილი და არც იმით ყოფილა გამოწვეული, რომ რაღაც თანამდებობას ვიყავი გამოკიდებული" - ასე ახსნა "იმედის" ეთერში აშშ-ში საქართველოს მოქმედმა ელჩმა, დავით ზალკალიანმა ემოცია, რომელიც 2014 წელს გადადგომისას გამოხატა.
დავით ზალკალიანმა 2014 წლის ნოემბერში დატოვა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა მას შემდეგ, რაც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ალასანიას გადაყენების გამო, თანამდებობა დატოვა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ასევე, ალასანიას გუნდის ყველა წევრმა. ოპოზიციური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი წევრი დავით ზალკალიანი საგარეო უწყებაში ისევ მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე 2016 წლის 7 იანვარს დაბრუნდა.
ზალკალიანი ამბობს, რომ ეს მისთვის პირველი გადადგომა არ ყოფილა, თანამდებობიდან. კერძოდ კი, ელჩობიდან გადადგა 2009 წელსაც, იმჟამინდელი ხელისუფლების არადემოკრატიული ქმედებების გამო.
ზალკალიანის მტკიცებით, 2009 წელს, ბელარუსში ელჩის თანამდებობა მათ შორის 2007 წლის აქციის დარბევის გამო დატოვა. (მაშინ ზალკალიანი პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთო ირაკლი ალასანიას "თავისუფალ დემოკრატებთან" ერთად).
" არასოდეს, ჩემს ცხოვრებაში არ ვყოფილვარ ჩაბღაუჭებული პოზიციაზე, ან თანამდებობაზე, მაგრამ ეს ვიღაცებმა სხვანაირად მოთარგმნეს. [2014 წლის გადადგომა და ემოცია].
მე, გული მწყდებოდა, რომ ამ პროცესს უნდა ჩამოვშორებოდი, რასაც მთელი ცხოვრება მივუძღვენი. ასევე, მე მქონდა მორალური ვალდებულება ადამიანებთან, ვისთან ერთადაც გადავწყვიტე პოლიტიკურ პროცესში შევსულიყავი. [ალასანიას გუნდთან]", - განაცხადა ზალკალიანმა.
ელჩმა, გაიხსენა 2007 წლის 7 ნოემბრის შემდგომი პერიოდი, როცა ლევან მიქელაძემ, შვეიცარიაში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა და ზალკალიანის თქმით, იგივე ნაბიჯის გადადგმას გეგმავდა თავადაც, თუმცა ლევან მიქელაძემ მეგობრებს მოუწოდა, არცერთ შემთხვევაში არ მიეღოთ იგივე გადაწყვეტილება, რადგან სახელმწიფოებრიობა ჩამოიშლებოდა.
" სამწუხაროდ, მე დღეს აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ვხედავ, როცა გარკვეული სპეკულაცია მიდის ამ თემით. მოწოდებებით, გადადექი, გადმოდექი. დღეს, ეს პირად ინტერესებთან არის დაკავშირებული და არა, ქვეყანასთან", - განაცხადა ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში პრემიერ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს ელჩს დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. გავრცელებული ცნობით, სწორედ აღნიშნულს მოჰყვა კონფლიქტი, რასაც ზალკალიანმა დღეს "იმედის" ეთერში სპეკულაცია უწოდა და თქვა, რომ "მისი სახელს ხშირად იყენებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და არავის აქვს ამის უფლება".