გერმანიის მმართველი ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება 16-წლამდე მოზარდებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის შეზღუდვას განიხილავს.
არსებული ინფორმაციით, უმრავლესობის დეპუტატები აქტიურად მუშაობენ კანონპროექტზე, რომელიც ბუნდესტაგში რამდენიმე კვირაში დარეგისტრირდება.
პარტიის ლიდერებმა მედიას განუცხადეს, რომ თანამედროვე, ცვალებადმა მსოფლიომ და ციფრული პლატფორმების განვითარებამ მსგავსი ნაბიჯების გადადგმის საჭიროება გააჩინა და საჭიროა ისეთი ცვლილებების შემოტანა, რომელიც ახალგაზრდების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ასევე გაზრდის მოსახლეობაში მედია-წიგნიერებას.
ქრისტიან-დემოკრატებს სურთ, კანონში მკაცრად გაიწეროს, თუ რა სახის შეზღუდვები უნდა დაუწესდეთ მოზარდებს სოციალურ მედიაზე წვდომის კუთხით და რა პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ იმ პირებსა თუ კომპანიებს, რომლებიც აკრძალვის დარღვევას ან გვერდის ავლას ცდიან. აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი იმ უიშვიათეს თემათა შორისაა, რომელსაც როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის წევრები აქტიურად უჭერენ მხარს, მათ შორის, ულტრა-მემარჯვენე პარტია AfD-ს წარმომადგენლები.
არასრულწლოვნების სიძულვილის ენისაგან დაცვა, კიბერბულინგის შემცირება, მანიპულაციური დეზინფორმაციის გავრცელების ხელშეშლა - ეს ის სამი მიზეზია, რომლებსაც კანცლერ ფრიდრიხ მერცის გუნდში კანონის შემოღების აუცილებლობაზე საუბრისას ასახელებენ. არსებული ინფორმაციით, განხილვები ოფიციალურად ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ყოველწლიურ კონგრესზე, 20-21 თებერვალს დაიწყება და მარტის თვეში კანონპროექტის სახეს მიიღებს. ცნობისთვის, მსგავსი ინიციატივა უკვე გაჟღერდა საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, პორტუგალიაში და საბერძნეთშიც. კანონ-პროექტზე მუშაობენ სამხრეთ კორეაშიც და მალაიზიაში. რაც შეეხებათ ქვეყნებს, სადაც ის უკვე შემოიღეს, მათ შორის პირველი იყო ავსტრალია, მეორე კი, ესპანეთი, რომლის პრემიერ-მინისტრმაც გადაწყვეტილება 3 თებერვალს გამოაცხადა.




























