რითეილ სექტორისთვის არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ქურდობისა და ზოგჯერ ძალადობის ფაქტები სერიოზული გამოწვევაა. როგორც BMG-სთან “რითეილ ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი სოფო ქაშაკაშვილი აცხადებს, ამ პრობლემის გამო, სექტორი ყოველწლიურად მნიშვნელოვნად ზარალობს.
მისივე ინფორმაციით, წინა წელს ზარალმა 20 მილიონ ლარს მიაღწია.
„ეს არ არის მხოლოდ ფინანსური ზარალი. ცოტა ხნის წინ, ჩვენ ვნახეთ ტელევიზიითაც, რომ ერთ-ერთ მსხვილ ქსელში იყო ძალადობის ფაქტებიც და თანამშრომლები საავადმყოფოშიც კი მოხვდნენ. როგორც ვიცი, პირველი მოსმენით შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე გატანილია და სულ ახლო მომავალში ველოდებით განახლებულ რეგულაციებს, რომელიც, იმედია, ამ პრობლემას დაარეგულირებს. ეს არ არის მხოლოდ რითეილ სექტორის პრობლემა, რომელ სექტორსაც უნდა ჰკითხოთ, ყველა ერთბაშად გეტყვით, რომ ძალიან დიდი გამოწვევაა“ - ამბობს სოფო ქაშაკაშვილი.
რაც შეეხება საკითხს - ხომ არ განიხილავენ მაღაზიები უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას და სავაჭრო ობიექტებზე დაცვის თანამშრომლების დამატებას, „რითეილ ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი არაეფექტური და ძვირია.
„არაერთი შემთხვევაში ყოფილა, სადაც ჰყავთ დაცვის თანამშრომელი და მაინც მომხდარა [თავდასხმის შემთხვევები]. დაცვის თანამშრომელს არ აქვს უფლება, რომ რამე კონკრეტული, გადამჭრელი ზომები მიიღოს ან იარაღი ჰქონდეს. მის მიმართაც ხორციელდება ზუსტად ისეთივე ძალადობა, როგორც მაღაზიის თანამშრომლების მიმართ.
რამდენიმე უბანში, სადაც ყველაზე მწვავედ იდგა ეს საკითხი, მათ შორის კადრების დეფიციტის საკითხიც, 24-საათიანი მაღაზიები აქტიურად დაიკეტა. შესაბამისად, ეს არის პრობლემის გადაჭრის ის გზა, რასაც რითეილერები მიმართავენ“ - აცხადებს სოფო ქაშაკაშვილი.
„ოცნების" პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს, რომლის ფარგლებშიც დანაშაულის ჩამდენი 14 წლამდე არასრულწლოვნებისთვის საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნება. კანონპროექტის თანახმად, დანაშაულის ჩამდენი არასრულწლოვნებისთვის რეაბილიტაციის ცენტრი შეიქმნება. პროექტის თანახმად, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი განიმარტება, როგორც არასრულწლოვანი, რომელთან მიმართებითაც, პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია თოთხმეტი წელი.
შესაბამისი ცვლილებების განხილვა უკვე დაწყებულია.




























