კახეთში სასტუმროები იხურება - მიზეზი ყველა ბიზნესოპერატორის შემთხვევაში განსხვავებულია, მაგრამ მათი შეფასებით, კახეთის სასტუმროების დატვირთულობა წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა. კომპანია "ამირბარის" მმართველი და დამფუძნებელი ქეთი ამირბარი BM.GE-თან ამბობს, რომ კახეთის რეგიონი დღეს განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორის ერთ-ერთი ტურისტული სეგმენტის ცვლილებაა, ქვეყანაში ჩამოდის ბევრად უფრო დაბალ მხარჯველუნარიანი ტურისტი.
“პირველი ალბათ ის არის, რომ არა მარტო კახეთის რეგიონში, ზოგადად, რომ ამ ბიზნესში ადამიანი როცა შემოდის, მოლოდინი აქვს, რომ ძალიან მალე მიიღებს ძალიან დიდ შემოსავალს, რაც რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. მეორე არის ის, რომ პერსონალის და თანამშრომლების კუთხით გამოწვევებია. , კახეთის რეგიონში განსაკუთრებით საკმაოდ დიდი გადინებაა, ეს ხალხი მიდის უცხოეთში. მესამე არის ის, რომ შეიცვალა სეგმენტი - აღარ გვყავს მაღალმხარჯველუნარიანი სტუმრები. კახეთის რეგიონი კი თავისი მიდგომებით, განსაკუთრებით გასტრონომიით არის ცნობილი, რომლის მიმართ ისეთი ინტერესი აღარ არის. ისეთი ტურისტების მხრიდან, რომლებიც კულტურული და გასტროტურიზმით არ ინტერესდებიან, განთავსების ხანგრძლივობა მცირეა. შესაბამისად, კახეთის რეგიონი უფრო აქცენტს აკეთებს შიდა ტურიზმზე, ქართველებზე, რომელიც პარასკევს ჩადის და შაბათ-კვირას ჩერდება", - განმარტავს ქეთი ამირბარი.
კომპანია "ამირბარის" მმართველი ბიზნესთან მთავრობის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში ერთიანი ხედვის შემუშავება აუცილებელია. დარგის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამის გარეშე გამოწვევების დაძლევა მაღალი კლასის ბრენდებსაც გაუჭირდებათ.
"აუცილებელი და საჭიროა, რომ ჩაერთოს მთავრობა ბიზნესთან მოლაპარაკებებში, ანუ ზოგადი ხედვაა საჭირო. დავკარგეთ ის სეგმენტი, ვისზეც ვიყავით გათვლილები და ორიენტირებულები. გასტრონომიული ტურიზმის ელემენტებს ქართველ მომხმარებელს ვაცნობთ, გვინდა ეს გავაცნოთ უცხოელებსაც, ასეთი ადამიანები ძალიან ცოტა გვყავს. ამაზე ალბათ ერთად უნდა დავფიქრდეთ და უფრო კონცენტრირებულად, ერთობლივად რაღაცები შევცვალოთ. იმიტომ რომ თუ რაღაც არ შევცვალეთ, ამ გამოწვევების დაძლევა მაღალი კლასის ბრენდის წარმომადგენლებისთვისაც კი ძალიან ძნელი იქნება. სასტუმროებს რაც შეეხება, ბევრი დაიხურა იქიდან გამომდინარეც, რომ შეცვალონ მიდგომა ბრენდინგის ნაწილში და რეკონსტრუქციასაც გეგმავენ”, - ამბობს კომპანია "ამირბარის" მმართველი და დამფუძნებელი ქეთი ამირბარი.




























