"არავინ ეთანხმება პოზიციას, რომ ანტიდემპინგური კანონი საჭირო არაა"
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ანტიდემპინგური კანონმდებლობის მიღების საჭიროებაზე იმსჯელეს. შეხვედრა, რომელსაც ბიზნესის, ასოციაციების და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დასრულდა შეთანხმებით, რომ კანონპროექტის ინიცირებამდე ეკონომიკის სამინისტრო ყველა დაინტერესებულ მხარესთან კონსულტაციებს გაგრძელებს და თუ იქნება საზოგადოების დაკვეთა, კანონპროექტის ინიცირებასაც მოახდენენ.
კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია აცხადებს, რომ არცერთი მხარე კანონმდებლობის მიღების წინააღმდეგი არაა, თუმცა მის აღსრულებაში ხედავენ პრობლემებს.
„შეიძლება ითქვას, რომ არავინ არ არის მომხრე იმ პოზიციის, რომ ანტიდემპინგური კანონი საჭირო არ არის. ყველა საუბრობს იმაზე, რომ რა რთულია მისი განხორციელება, რომელიც აბსოლუტურად სხვა სფეროა განხილვის. ერთია, რომ არსებობს ინსტიტუციური სირთულეები. მეორე, რომ კვალიფიციური კადრი შეიძლება იმთავითვე არ იყოს და აქ არის მესამე თემა, რომ თუ ჩვენ წავაგებთ დავას ამ კუთხით რომელიმე ქვეყანასთან, აქ ჯარიმებია გადასახდელი. საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია მოხდეს სარკისებური ასახვა, ჩვენ რომ ჩავკეტავთ რომელიმე ქვეყნის მიმართ რაიმე პროდუქტს, მანაც შეიძლება განახორციელოს იგივე ღონისძიება. ყველაზე მთავარი, ჩემი აზრით, რაც თქვა კომიტეტზე ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომ პრინციპში მაინც პასიური კანონია, რომლის მიღება ავტომატურად მის ამოქმედებას არ ნიშნავს. ამიტომ ეს გზა ჩვენ გასავლელი გვაქვს. ჩემი აზრით, ჯობია რომ კანონი მივიღოთ და თანდათანობით ჩვენ ვიზრუნებთ იმაზეც როგორ შეიქმნება ინსტიტუციონალურად ის კვალიფიკაცია რომელიც კანონის ამოქმედებასთან იქნება დაკავშირებული. ჩემი აზრით, ჩვენ გვაქვს ადგილი თავისუფალი ბაზრის იდეით დაკომპლექსებულ ადამიანებთან ზოგიერთ შემთხვევაში. იმიტომ, რომ ასე ცალსახად არ არის ეკონომიკაში, რომ ერთი ფორმულა დაიწერება და მერე საუკუნეების განმავლობაში მან უნდა იმუშაოს“-აცხადებს რომან კაკულია.
სანამ პარლამენტში ანტიდემპინგური კანონმდებლობის ინიცირება მოხდება, ეკონომიკის სამინისტრო ყველა მხარესთან კონსულტაციებს კიდევ ერთხელ გაივლის. დეტალებზე შესათანხმებლად სამინისტროსთან ერთად იმუშავებს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიც. თავის მხრივ კანონმდებლობის მიღების საკითხზე რომან კაკულია კონსულტაციებს გამართავს უმრავლესობასთანაც.
საფონდო ბირჟები