"არავინ უნდა იფიქროს, რომ სესხს აიღებს და გადახდისუუნარობის შემთხვევაში მას ბანკი აპატიებს", - განაცხადა "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა უიმედო სესხების ჩამოწერის შესახებ კანონის კომენტირებისას.
ზურაბ გვასალიას განცხადებით, ბანკების ასოციაცია "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივას მხარს თავიდანვე უჭერდა. როგორც გვასალია განმარტავს, ახალი კანონით, უიმედო სესხების ჩამოწერის პროცესი ინდივიდუალური მიდგომით მოხდება და ის ყველა პირზე არ გავრცელდება.
"ეს არ არის რაღაც დოგმა და სავალდებულო ფორმატი, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა ინდივიდუალურად უნდა იყოს განხილული, თუ რამდენად არის შესაძლებელი ამის გაკეთება და რამდენად არის მიზანშეწონილი“, - აცხადებს გვასალია. მისივე თქმით, კანონი კლიენტსა და საკრედიტო დაწესებულებას შორის ურთიერთობას გაადვილებს და ბანკებს საშუალებას მისცემს სესხებზე ზედმეტ ხარჯებს აარიდოს თავი.
"ეს შეიძლება ნებისმიერი მხარის ინიციატივით მოხდეს, ეს არაა პატიება ეს არის ჩამოწერა.
არ უნდა იფიქროს კლიენტმა, რომ ის სესხს აიღებს და შემდეგ აპატიებენ, ესე არაა. არის შემთხვევები, როდესაც სახლი იპოთეკითაა დატვირთული და უნდა გამოისყიდოს კლიენტმა, - მას აუცილებლად უნდა გადაეხადა გადასახადი, ამ შემთხვევაში კი აღარ იქნება დამატებითი ღირებულების გადასახადი. ასევე, როდესაც ხელშეკრულების მიხედვით ვთქვათ დაიკანონა საკრედიტო დაწესებულებამ საცხოვრებელი სახლი, და ყოფილი მფლობელი მას უკან გამოისყიდის, არ იყო კანონში გაწერილი ეს იყო ყოფილი მფლობელი თუ უბრალოდ სხვა მოქალაქე. ახლა ახლა თუ ყოფილ მფლობელს მიაქვს მაშინ ის თავისუფლდება გადასახადისგან", - განმარტავს გვასალია. ასევე მისი თქმით ჩამოწერა შესაძლოა მხოლოდ ნაწილობრივი იყოს და არა მთლიანი.
უიმედო სესხების შემთხვევაში გვასალიას განცხადებით, ბანკს მისი ჩამოწერისას ხარჯი აღარ ექნება, რაც პროცესს გაამარტივებს.
"საუბარია იპოთეკურ სესხებზე, როდესაც საცხოვრებელია ჩადებული უზრუნველყოფისთვის.
არავის უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ რომელიმე ბანკი საქმის შეუსწავლელად, ჩამოაწერს სესხს. მაშინ გამოვა რომ ბანკი საქველმოქმედო ორგანიზაციაა და ამის იმედი არავის უნდა ჰქონდეს", - განმარტა ზურაბ გვასალიამ.

























