საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, „სსიპ-ების გაერთიანების თვითმიზანი ფინანსური ოპტიმიზაცია არ იყო.
ამის შესახებ მან “საქმიან დილაში“ კულტურის სფეროში არსებული სსიპ-ების გაერთიანების თემაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, რეფორმის უმთავრესი მიზანი ერთიანი სტრატეგიის შექმნაა და ამიტომ, შედარებით ნაკლებად წარმატებული სსიპ-ები სტრატეგიულად უფრო მნიშვნელოვან სსიპ-ებს შეუერთდა.
ამასთან, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ყველა სსიპ-ს შეუნარჩუნდება ის ფუნქცია, რაც მანამდე ჰქონდა.
რაც შეეხება სსიპ-ების ბიუჯეტებს, მისი თქმით, „მათი დაჯამება ტექნიკურად მოხდება და არცერთ სსიპ-ს თანხა არ მოაკლდება“.
გიორგაძე არც იმას გამორიცხავს, რომ მომავალ წელს ბიუჯეტის დაგეგმვისას, სსიპ-ების ბიუჯეტები არა თუ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს.
“მათთვის, ვინც წუხს ამ საკითხებზე, დასამშვიდებლად ვეტყვი, რომ არცერთი ფუნქცია, რომლითაც დღეს აღჭურვილია ესა თუ ის სსიპ-ი, არავითარ შემთხვევაში დაიკარგება და მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტი აქტიურობისკენ, კიდევ უფრო მეტი ინვესტირებისკენ ვიქნებით მომართულები. ბიუჯეტების დაჯამება, პირველ რიგში, მოხდება ტექნიკურად, თანხები არ მოაკლდება; მომავალი წლიდან უკვე ახალი საბიუჯეტო წლის დაგეგმვის პირობებში, გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ამა თუ იმ დარგის წინაშე დგას, არ გამოვრიცხავ, ჩემი პირადი სურვილი იქნება, რომ პირიქით მათი ბიუჯეტები გაიზარდოს“, - აცხადებს მიხეილ გიორგაძე.

























