მაღაზია "წიგნები ვაკეში"-ს დამფუძნებელი, მარიამ კიკაჩეიშვილი BMGTv-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მათი 15-წლიანი დაკვირვებით, წინასაარჩევნო პერიოდში სამომხმარებლო ქცევა იცვლება და წიგნის გაყიდვები საგრძნობლად მცირდება. ამ მხრივ გამონაკლისი არც მიმდინარე წელია.
"2009 წლიდან ვართ ბაზარზე და მას შემდეგ აშკარაა, ყოველი არჩევნების წინ, ექვსი თვით ადრე გაყიდვები დაახლოებით 30%-ით ეცემა. ყველა ელოდება, რომ სადაც მუშაობს იქ ვეღარ იმუშავებს, ან პირიქით - რაღაც გაუმჯობესდება. ყველა ცდილობს, რომ რაღაც დანაზოგი გააკეთოს და გაყიდვებიც მცირდება. ზოგადად, წიგნები ძალიან სენსიტიურია, რადგან ეს არ არის პირველადი მოხმარების პროდუქტი, როგორიც მაგალითად საკვებია, ამიტომ ამაზე თანხას ზოგავენ", - ამბობს მარიამ კიკაჩეიშვილი.
სამომხმარებლო ქცევის ცვლილებაზე საუბრისას მარიამ კიკაჩეიშვილი ჟანრობრივ ცვლილებაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, თუ გასულ წლებში გაყიდვების ყველაზე დიდი წილი მხატვრულ ლიტერატურაზე მოდიოდა, ახლა ეს რეალობა შეცვლილია და მოთხოვნა ძირითადად ბიოგრაფიულ და ისტორიულ ლიტერატურაზე იკვეთება.
"მსოფლიო ტენდენციების კვალდაკვალ იცვლება სამომხმარებლო ქცევაც. ძალიან გახშირდა არა ჩვეულებრივი ბეჭდური წიგნები, ტექსტი მხოლოდ, არამედ გრაფიკული რომანები. გარდა ამისა, ძალიან დიდია ინტერესი ისტორიისა და ბიოგრაფიის მიმართ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ და როგორც კი რაიმე ახალი წიგნი გამოვა ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსების, მომღერლების, მსახიობებისა თუ სპორტსმენების ბიოგრაფიები და ასევე ისტორიული ნაწარმოებები ადგილზე დავახვედროთ", - აღნიშნავს "წიგნები ვაკეში"-ს დამფუძნებელი.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, როგორც კიკაჩეიშვილი ამბობს, გასულ თვეებში მერყევი სავალუტო კურსისა და საკონტეინერო გადაზიდვების გაძვირების გამო პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე ფასები გაიზარდა, ბიზნესს ხარჯები გაეზარდა, თუმცა, ამის მიუხედავად წიგნების ღირებულება ჯერჯერობით არ დაკორექტირებულა.
"ცვალებადი ვალუტის კურსისა და გაძვირებული ტრანსპორტირების ფონზე ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა ყველანაირად ვეცადეთ, რომ იგივე ფასები შეგვენარჩუნებინა. ვცდილობთ, რომ რაოდენობრივად მეტი გავყიდოთ და არსებული ფასები შევინარჩუნოთ. ჯერჯერობით ვახერხებთ და ვცდილობთ, გავახანგრძლივოთ ეს რეალობა, იქნებ მანამდე ქვეყანაშიც დასტაბილურდეს მდგომარეობა და ჩვენც ამოვისუნთქოთ", - თქვა მაღაზია "წიგნები ვაკეში"-ს დამფუძნებელმა, მარიამ კიკაჩეიშვილმა.