მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების დღე ბალკანეთში - სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

არჩევნები

ბალკანეთის ორ ქვეყანაში მნიშვნელოვანი კენჭისყრა მიმდინარეობს. სერბეთში მოსახლეობა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ბულგარეთში კი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ტარდება.

სერბეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნები მიიჩნევა ყველაზე არაპროგნოზირებად და სერიოზულ საარჩევნო გამოწვევად ალექსანდრ ვუჩიჩის მემარჯვენე „სერბეთის პროგრესული პარტიისთვის“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

დასავლური მედიის შეფასებით, საარჩევნო პროცესი აღიქმება, როგორც პირდაპირი დაპირისპირება მმართველ გუნდსა და სტუდენტურ მოძრაობა „სტუდენტურ სიას“ შორის. ამ უკანასკნელის წევრები თითქმის ორი წლის განმავლობაში ვუჩიჩის ხელისუფლების წინააღმდეგ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავდნენ.

ქვეყნის 250-წევრიან პარლამენტში მოსახვედრად 18 პარტია იბრძვის. წინასწარი მონაცემებით, ორ მთავარ კონკურენტს „სერბეთის პროგრესულ პარტიასა“ და „სტუდენტურ სიას“ ამომრჩეველთა თითქმის თანაბარი მხარდაჭერა აქვთ. მოსალოდნელია ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა, რამაც შესაძლოა მცირე პარტიების უმეტესობას 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაურთულოს.

ალექსანდრ ვუჩიჩი, რომელიც ათ წელზე მეტია სერბეთის პოლიტიკას სათავეში უდგას (პრემიერის ან პრეზიდენტის რანგში), გასულ თვეს საპროტესტო ტალღის ფონზე გადადგა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ტაქტიკური ნაბიჯია და მისი მიზანი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნებაა.

ბულგარეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 27 კანდიდატი მონაწილეობს. Reuters-ის ცნობით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებით ორი ფავორიტი გამოიკვეთა: მოქმედი პრეზიდენტი, 61 წლის ილიანა იოტოვა და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, 50 წლის ანდრეი გიუროვი.

მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთში პრეზიდენტის ინსტიტუტი დიდწილად ცერემონიულია, კენჭისყრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც შავი ზღვის სანაპიროსთან სავაჭრო გემებზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს 20-ზე მეტი უცხოელი მეზღვაური ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები