მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არჩევნების შედეგების არაღიარება, სანქციები..." - სამოქალაქო საზოგადოება ევროკომისიას წერილით მიმართავს

აქცია

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ერთობლივი წერილით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო რეაგირებას სთხოვენ.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები აჩვენებს, რომ ქვეყანამ გადაუხვია დემოკრატიული ნორმებიდან და იმ ევროპული კურსიდან, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში მიჰყვებოდა.

ხელმომწერები ევროკავშირის ინსტიტუციების მოუწოდებენ, 16 დეკემბერს ჩანიშნულ საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე, მონაწილე ქვეყნებმა ყურადღება მიაქციონ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და წერილის ავტორებს საბჭოსთან გასაუბრების საშუალება მისცენ.

"ქართული ოცნების ლიდერებმა ძალაუფლების უზურპაცია მოახდინეს, გააყალბეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და დაარღვიეს დემოკრატიის ძირეული პრინციპები. 28 ნოემბერს მმართველმა პარტიამ საბოლოოდ გადაწყვიტა, მიეტოვებინა ევროკავშირში გაწევრიანების დღის წესრიგი, რის შემდეგაც კიდევ უფრო გამძაფრდა მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმები.

იმ ადამიანთა მოთხოვნები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას აპროტესტებენ, ორი მთავარი საკითხისაგან შედგება: საპარლამენტო არჩევნების დაუყოვნებლივი ხელახალი ჩატარება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ფარგლებში; მშვიდობიან აქციებში მონაწილე პირების გათავისუფლება", - განმარტებულია EU-სთვის გაგზავნილ წერილში.

ქართველი ხალხის სოლიდარობისთვის, ხელმომწერები ევროკავშირს მოუწოდებენ:

  1. არ აღიარონ ბიძინა ივანიშვილის არალეგიტიმური მთავრობა და საარჩევნო პროცესების შედეგები;
  2. აამოქმედონ სანქციები ბიძინა ივანიშვილის, "ქართული ოცნების" ლიდერებისა და ძალადობრივ დარბევაში მონაწილე ოფიცრების, ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ;
  3. გაუუქმონ ვიზები "ქართული ოცნების" დიპლომატიური პასპორტის მქონე ლიდერებს;
  4. გააფართოონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მხარდაჭერა.

ხელმომწერები EU-ს მოუწოდებენ, ქართველი ხალხისა და მათი ლეგიტიმური მოთხოვნების მხარდასაჭერად ბლოკმა ქმედითი ნაბიჯები გადადგას.

წერილს ხელს აწერენ: სერგი კაპანაძე, თორნიკე გორდაძე, ანა ხურციძე, თემური იაკობაშვილი, შოთა უტიაშვილი, თორნიკე თურმანიძე, ეკა მეტრეველი, ეკა ტყეშელაშვილი, თამარ კინწურაშვილი, გიორგი კანდელაკი, ნინო ევგენიძე, გიგი გიგიაძე, უჩა ნანუაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი, დავით ჭიპაშვილი, ქეთი ვაშაკიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები