მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების შეჯამების ვადები მცირდება - რა ცვლილებები იგეგმება "საარჩევნო კოდექსში"?

ცესკო

საქართველოში არჩევნების შედეგების შეჯამების ვადები მცირდება - როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოების, ისე პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენა კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს მოხდება (ნაცვლად ცესკოსთვის მოქმედი 26-ე დღისა). ამასთან, ცესკო შეაჯამებს ყველა მუნიციპალიტეტის (მათ შორის თბილისის) საკრებულოს არჩევნების საბოლოო შედეგებს. აღნიშნული ერთ-ერთი ცვლილებაა, რომელიც „საქართველოს საარჩევნო კოდექსშია“ ინიციირებული.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა, უქმდება საოლქო კომისიების ვალდებულება შემთხვევითი შერჩევით 5 უბნის ხელახლა გადათვლაზე. ცვლილება ეხება სარეკლამო დროის გადანაწილებასაც - უქმდება გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის სხვა სუბიექტებზე გადანაწილების წესი, კანონით დადგენილზე მეტი უფასო დროის დათმობა კი აკრძალულ შემოწირულობად ითვლება.

უფრო დეტალურად, საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შემდეგი ცვლილებებია დაგეგმილი:
• დგინდება, რომ როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ისე საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენა განხორციელდება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს
• არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენას განახორციელებს ცესკო საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემებისა და საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებების გათვალისწინებით.
• საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გამოიყენება საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი, კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის ამობეჭდვის შემდეგ წილისყრით გამოვლენილი მთვლელები ახორციელებენ ხმების დათვლის პროცედურებს, რის შემდეგაც დგება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამასთანავე, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც არ გამოიყენება საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი, საარჩევნო ბიულეტენები ორი დღის ვადაში გადაიყვანება ციფრულ ფორმატში და იმავე ვადაში განთავსდება ინტერნეტსივრცეში.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, აქტუალობას კარგავს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მეექვსე დღისა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დამატებით არაუმეტეს ხუთი საარჩევნო უბნის გამოვლენა და კენჭისყრის შედეგების გადათვლა. შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევისა და ამგვარად გამოვლენილი საარჩევნო უბნების კენჭისყრის შედეგების გადათვლის ვალდებულება.
• დგინდება, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციაში გატარების/რეგისტრაციაში გატარებაზე უარის შესახებ განკარგულებას ნაცვლად ცესკოსი/საოლქო საარჩევნო კომისიისა გამოსცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე. გასათვალისწინებელია, რომ დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის პროცედურები დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობის მკაფიოდ დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან, შესაბამისად, მიზანშეწონილია რეგისტრაციის საკითხის შესწავლა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება განახორციელოს შესაბამისმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ;
• ასევე, საარჩევნო ბიულეტენებისა და შემაჯამებელი ოქმების დაბეჭდვის პროცესზე დამკვირვებელთა დანიშვნის თაობაზე განკარგულებას, ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისიისა, გამოსცემს ცესკოს თავმჯდომარე.
• განისაზღვრება უფლებამოსილი პარტიის ინფორმირების და ახალი წევრის წარდგენის ვადები იმ შემთხვევაში, თუ პარტიის მიერ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად ან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად წარდგენილი პირი, იმავე ან სხვა საარჩევნო კომისიის წევრია.
• დგინდება, რომ უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს ვრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.
• დგინდება, რომ პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა უნდა დამზადდეს იმგვარად, რომ მისი მიმდინარეობისას თვალნათლივ ჩანდეს საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება, რიგითი ნომერი ან/და სიმბოლიკა. მოქმედი რედაქციის თანახმად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მიმდინარეობისას საარჩევნო სუბიექტის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოების ერთიანი კონტურებისა და მისი რიგითი ნომრის აღმნიშვნელი ციფრების ერთიანი კონტურების ჯამი უნდა იკავებდეს კადრის ფართობის არანაკლებ 10 პროცენტს, ხოლო რეკლამის დასრულებისას, ბოლო 1 წამის განმავლობაში – კადრის ფართობის არანაკლებ 50 პროცენტს.
• საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტი შესაბამისობაში მოდის, ამავე კოდექსის 57-ე მუხლის მე-14 პუნქტთან. კერძოდ, საარჩევნო კოდექსის 57-ე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი საარჩევნო სუბიექტისთვის ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისთვის გადახდილზე მეტი საფასურის საეთერო დროის დათმობა ან უფასო რეკლამის განთავსებისთვის ამ კანონით განსაზღვრულზე მეტი დროის დათმობა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება აკრძალულ შემოწირულობად ჩაითვლება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პრაქტიკაც, რომლის თანახმად, საარჩევნო სუბიექტებს უნდა მიეცეთ კანონით მათთვის თავდაპირველად განსაზღვრული უფასო სარეკლამო დრო, მიუხედავად იმისა, რამდენი საარჩევნო სუბიექტი წარადგენს მაუწყებელში რეკლამას ან რამდენს გაუუქმდება საარჩევნო რეგისტრაცია. აღნიშნული განმარტების შესაბამისად, ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის განკუთვნილი გამოუყენებელი უფასო სარეკლამო დროის სხვა საარჩევნო სუბიექტებზე გადანაწილება შეიძლება შეფასდეს კანონით განსაზღვრულზე მეტი უფასო სარეკლამო დროის დათმობად. ამასთანავე, საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტი ითვალისწინებს, რომ თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა თავისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფართობი, შესაბამის მაუწყებლებსა და გაზეთს უფლება აქვთ, ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს. შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული რეგულირება არ შეესაბამება ამავე კოდექსის 57-ე მუხლის მე-14 პუნქტით დადგენილ შეზღუდვასა და აღნიშნული ნორმის გამოყენების შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება.
• იცვლება არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენის ვადა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. მოქმედი რედაქციით, ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-12 დღისა.
• დგინდება, რომ რაიონულმა (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებმა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები პროცესში მონაწილე მხარეებთან ერთად უნდა გადასცენ ცესკოსაც, რაც ხელს შეუწყობს არჩევნების შეჯამების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.
• არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, იცვლება და ერთგვაროვნად წესრიგდება საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლების, ასევე დამკვირვებლების დანიშვნის ვადები. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტებსა და მედია ორგანიზაციებს უფლება ექნებათ არჩევნების მეორე ტურის ჩატარების დღემდე არაუგვიანეს მე-7 დღისა ნებისმიერ დროს დანიშნონ წარმომადგენლები, ხოლო დამკვირვებელ ორგანიზაციებს ამავე ვადაში წარადგინონ ახალი დამკვირვებლები.

• იცვლება რეგისტრირებული კანდიდატის საკუთარი ინიციატივით ან პარტიის ინიციატივით რეგისტრაციის გაუქმების ვადა, კერძოდ, კანდიდატის რეგისტრაციის გაუქმება ნაცვლად კენჭისყრის დღემდე მე-16 დღისა, შესაძლებელი იქნება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-17 დღისა.
• ზუსტდება ის შემთხვევა, როდესაც გადასატან საარჩევნო ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენები გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება საოლქო საარჩევნო კომისიას.

პაკეტი მოიცავს ცვლილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშიც“. გათვალისწინებულია, რომ ცესკო შეაჯამებს ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოსსაკრებულოს არჩევნებს, მათ შორის თბილისის საკრებულოს არჩევნების შედეგებს და შესაბამისად შეადგენს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მიხედვით, ყველა თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველის თემის საკრებულოს არჩევნებს შედეგებს (გარდა ქალაქ თბილისის საკრებულოსი, სადაც აჯამებდა ცესკო) აჯამებდა და ოქმს ადგენდა შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია. განისაზღვრება, რომ: „თვითმმართველი ქალაქის - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის ცესკოს თავმჯდომარე, ხოლო სხვა თვითმმართველი ქალაქის/თემის საკრებულოების პირველ სხდომებს - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ცვლილებების ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: ნოდარ ტურძელაძე, არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ირაკლი შატაკიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები