მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არჩევნებზე ბიზნესის მოლოდინი პოზიტიურია, პოზიტიური კი ნიშნავს ცვლილებებს" - კუნელაური

კუნელაური

„ევროპულ ცივილიზაციასთან ინტეგრაციის გარდა ალტერნატივა არ გაგვაჩნია და ამ გზაზე აუცილებლად სწრაფად უნდა დავბრუნდეთ.“ - ეს განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში კომპანია "ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელმა მალხაზ კუნელაურმა გააკეთა.

მისი თქმით, ბიზნესის მოლოდინი ცვლილებებს უკავშირდება, რომელმაც ქვეყანა მყარ და სტაბილურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებამდე უნდა მიიყვანოს.

„არჩევნებზე ბიზნესის მოლოდინები არის პოზიტიური, პოზიტიური კი, რა თქმა უნდა, ნიშნავს ცვლილებებს და სტაბილურ და გრძელვადიან მყარ განვითარებას. ჩვენ ველოდებით ახალი მოწვევის პარლამენტისგან იმას, რომ ის სამწუხარო რეალობა, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ოფიციალურად გაჩერებას გულისხმობს, შეიცვლება. ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი რეალობა იმ მისწრაფებების ფონზე, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს პრობლემა ყველაზე დიდია და სწრაფად ველოდებით ამის გადაწყვეტას.

ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მყარი, ჩამოყალიბებული, სტაბილური გარემო, რომელიც შეეხება როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ საკითხს.“ - განაცხადა კუნელაურმა.

ამასთან, როგორც მან BMG-თან საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი მივიღეთ, ქვეყნისადმი საერთაშორისო და რეგიონის ქვეყნების ინვესტორების ინტერესი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი, ამ პროცესის შეჩერება კი საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ნეგატიურად აისახება როგორც ბიზნესზე, ისე მოსახლეობის თითოეულ ფენაზე.

„ჩვენთვის ეს არჩევნები არის გამორჩეული და განსხვავდება სხვა წინა არჩევნებისგან. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის უახლოესი ისტორიის მანძილზე [გეზი] ერთმნიშვნელოვნად მიდის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციისკენ, ამისთვის უამრავი ძალისხმევა დავხარჯეთ უამრავი მიმართულებით, წლის ბოლოსთვის პოზიტიური მოლოდინები გვქონდა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე და ამის ნაცვლად დღეს სხვადასხვა მიზეზით მივიღეთ განსხვავებული რეალობა. ამას გარდა, გვეუბნებიან, რომ შეიძლება გადაიხედოს ვიზალიბერალიზაცია, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია. ეს სტაბილურ ეკონომიკურ გარემოს თავდაყირა აყენებს.

როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ძალიან დიდი მოლოდინი გაჩნდა ქვეყნის მიმართ, მათ შორის რეგიონში არსებული ბიზნესების და ინვესტორების მხრიდან. საქართველო არ არის ევროპის შუაგულში, ეს არის ფაქტობრივად ბოლო ნაწილი, სადაც შეიძლება ევროპა გაფართოვდეს. ჩვენ იმ რეგიონში ვართ, რომლის ქვეყნები არ არიან ევროპასთან ახლოს, მაგრამ იქ არის ინვესტიცია, რომლის მოზიდვაც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ გაფართოების ხარჯზე იყო დადებითი მოლოდინები და ჩვენმა ქვეყანამ იმედი გაუცრუა ბიზნესსაც და ინვესტორებსაც, რომლებიც ამას ელოდებოდნენ.

საქართველო, ასეთი პატარა ქვეყანა დამოუკიდებლად ბუფერს ვერ შექმნის, ის უნდა იყოს განვითარებული ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. რატომ ევროპა? იმიტომ, რომ ევროპა არის ეკონომიკურად, პოლიტიკურად სტაბილური გარემო ყველა მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ ქვეყანაში ევროპას მოვიტანთ, ჩვენ გრძელვადიანად ვიქნებით კეთილდღეობის პირობებში. თუ არა ევროპული ცივილიზაცია, მაშინ დამოუკიდებლად განვითარების რესურსი არ გაგვაჩნია მით უმეტეს იმ ფონზე, როცა გვერდით მდებარეობს მტრული სახელმწიფო, რომელიც ჩვენთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ასეული წელია", - განაცხადა კუნელაურმა.

მისივე თქმით, ევროპულ ცივილიზაციასთან ინტეგრაციის გარდა, საქართველოს ალტერნატივა არ გააჩნია და ამ გზაზე აუცილებლად სწრაფად უნდა დავაბრუნოთ ქვეყანა. "ეს ნიშნავს ნებისმიერ ადამიანთან და ოჯახში გაზრდილ შემოსავლებს და ბიზნესისთვის სტაბილურ გარემოს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირი არ შემოდის საქართველოში, საქართველოს უნდა იქ შესვლა, ამიტომ ჩვენ წესებს ვერ დავაწესებთ. არსებობს წესი და უნდა დაექვემდებარო. შეუძლებელია შენ შენი 10 მცნება გქონდეს და ამით მოითხოვდე ზიარებას.“ - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები