მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: ბევრად მეტი ახალი გენერაციის ობიექტი გვჭირდება

5bfd4367b17ab
დავით ჯალაღონია
27.11.18 21:00
1709
Georgia Global Utilities-ის ხელმძღვანელი არჩილ გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი დასაჩქარებელია. ამის შესახებ გაჩეჩილაძემ BM.GE-სთან ელექტროენერგიის მოხმარებისა და იმპორტის ზრდის მაჩვენებლების შეფასებისას განაცხადა.

"ელექტროენერგიის მოხმრების ზრდა მხოლოდ ერთ და ორ მსხვილ ობიექტთან არ არის დაკავშირებული. რეალურად მოხმარება ძალიან მნიშვნელოვნად მატულობს, მათ შორის, ივლისი-აგვისტოს პერიოდში, როცა კონდიციონერის მოხმარება იზრდება. შესაბამისად, გენერაციის ახალი ობიექტები გვჭირდება, იმაზე ბევრად უფრო მეტი, დღეს რა ტემპებითაც შენდება", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ მოხმარებასთან ერთად ელექტროენერგიის იმპორტიც იზრდება.

"2016 წელს იმპორტი, მთელი მოხმარების 4%-ის ფარგლებში იყო, 2017 წელს - 12% და დაახლოებით, ანალოგიურ მონაცემებს ვუყურებთ 2018 წელს“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, რა აფერხებს ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას, Georgia Global Utilities-ის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ერთ-ერთი მიზეზი თურქეთში ელექტროენერგიის ფასების შემცირებაა.

"გენერაციის ობიექტების დიდი უმრავლესობა იმაზე გათვლით დაიგეგმა, რომ თურქეთში მაღალი ფასი იყო. ასე 4-5 წლის წინ იყო და ეს ფასები დღეს განახევრებულია. ეს ობიექტები საინჟინრო კუთხით მარტივი არ არის და რაც უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება, ყველა კუთხით, როგორც ადგილზე მოსახლეობათან ურთიერთობის ნაწილში, ისე სამთავრობო ნაწილში, ეს იქნება მისასალმებელი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება 1.4%-ით გაიზარდა და 977.904 მლნ კვტ.სთ შეადგინა. რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში ეს მაჩვენებელი 31%-ით, 229.513 მლნ კვტ.სთ-მდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები