მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩილ გაჩეჩილაძე: "ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, რომ შექმნას საკუთარი მომავალი"

5c370a5eec96d
თელარა გელანტია
10.01.19 13:30
3082
„საქართველოს ბანკის“ ახალი გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, „ასეთი გუნდის და კომპანიის ხელმძღვანელობა დიდი პატივია“.

არჩილ გაჩეჩილაძემ მცირე კომენტარი bm.ge-თან გააკეთა.

„დიდი პატივია, ასეთი გუნდის და კომპანიის ხელმძღვანელობა. ჩვენ უნდა ვემსახუროთ საქართველოს და დავეხმაროთ ყველას, რომ შექმნას საკუთარი მომავალი“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, „საქართველოს ბანკი“ არის შესანიშნავი ორგანიზაცია, რომელსაც ქვეყანაში გამორჩეული პროფესიონალების გუნდი უდგას სათავეში და აქვს უდავოდ გამორჩეული და ძლიერი ბრენდი.

„ქართულ საფინანსო სექტორში არაერთი გამოწვევაა; მნიშვნელოვანია, განვითარდეს უფრო მეტი საბანკო სერვისი, რომელიც ციფრულ ტექნოლოგიებსა და უახლეს ინოვაციებზე იქნება დამყარებული“, - ამბობს გაჩეჩილაძე.

ცნობისთვის, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე არჩილ გაჩეჩილაძემ კახა კიკნაველიძე შეცვალა. გაჩეჩილაძე ახალ თანამდებობას 2019 წლის 28 იანვარს დაიკავებს.

გაჩეჩილაძის დანიშვნის შესახებ განცხადება ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე გამოაქვეყნა.

არჩილ გაჩეჩილაძე 2018 წლიდან Georgia Global Utilities-ის გენერალური დირექტორი იყო. GGU-ს მთავარი აქტივი თბილისის წყალმომარაგების კომპანია GWP-ი იყო, რომლის დირექტორადაც გაჩეჩილაძე 2018 წლის ნოემბერში დაინიშნა.

2017-2018 წლებში არჩილ გაჩეჩილაძე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა. არჩილ გაჩეჩილაძეს 2016-2017 წლებში "საქართველოს ბანკის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმართულებით.
2015-2016 წლებში არჩილი BGEO ჯგუფის ფინანსური დირექტორი იყო. 2009-2015 წლებში კი საქართველოს ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა საინვესტიციო მენეჯმენტისა და კორპორატიული საბანკო მომსახურების მიმართულებით.

2008-2009 წლებში თიბისი ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო. არჩილ გაჩეჩილაძე 2000-2008 წლებში სხვადასხვა მაღალი რანგის პოზიციებზე მუშაობდა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში ისეთ ორგანიზაციებში, როგორიც არის: Lehman Brothers Private Equity, Salford Equity Partners, EBRD, KPMG Barents, World Bank.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები