“როდესაც თამაშის წესები ხშირად იცვლება და ბევრი რეგულაციები შემოდის, ინვესტორებს ბევრი კითხვები უჩნდებათ", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა "საქმიან დილაში".
გუშინ, 25 ივნისს, "საქართველოს ბანკმა" "ინვესტორთა დღე" გამართა, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და ბანკის ინსტიტუციური ინვესტორები დაესწრნენ. გაჩეჩილაძის თქმით, მათი კითხვების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საქართველოს საბანკო სისტემაში მომხდარ რეგულაციურ ცვლილებებს და მათ ფონზე ბანკის განვითარების სტრატეგიას შეეხებოდა.
გაჩეჩილაძის თქმით, იმის მიუხედავად, რომ სებ-ის რეგულაციებმა დაკრედიტების ზრდის ტემპის შემცირება გამოიწვია, რეგულაციას საბანკო სექტორში არსებული რისკების შემცირებაც მოყვა.
არჩილ გაჩეჩილაძე საბანკო რეგულაციების შესახებ:
"ინვესტორთა მხრიდან ძალიან ბევრი კითხვა არის ამ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით, კითხვები არის კიდევ რამდენად ბევრი ახალი რეგულაცია იქნება. საერთოდ როდესაც თამაშის წესები ხშირად იცვლება და ბევრი რეგულაციები შემოდის, ინვესტორებს ბევრი კითხვები უჩნდებათ. ასევე იყო კითხვები იმის შესახებ, თუ სხვა რა შესაძლებლობები არსებობს ზრდისთვის. ამასთანავე იყო კითხვები ბანკის სტრატეგიაზე, გაციფრულებაზე, საკმაოდ დიდი ფოკუსი კეთდება ჩვენი მომხმარებლების კმაყოფილებაზე. ხვალ და ზეგ ვეცდებით რომ მოლოდინები, რომლებიც აქვთ ჩვენს მომხმარებლებს, ნებისმიერი ტიპის ტრანზაცქიიდან თუ გადარიცხვიდან დაწყებული, დეპოზიტის გახსნით ან სესხის აღებით დამთავრებული, ვეცდებით რომ ჩვენი ხარისხი გავაუმჯობესოთ.
შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ჩვენ არსებულ და პოტენციურ ინვესტორებს, ფონდებს, რომლებიც წარმოადგენენ ჩვენს აქციონერებს და ანალიტიკოსებს, რომლებიც ფარავენ ჩვენ ეკონომიკასა და საბანკო სფეროს, მოგეხსენებათ საქართველოში ორი ბანკი არის წარმოდგენილი ლონდონის საფონდო ბირჟაზე, შესაბამისად ამ ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდნენ, რეგულაცია რა მიმართულებით ვითარდება. რა მიმართულებით ვითარდება საქართველოს ეკონომიკა, საბანკო სფერო და შესაბამისად მოისმინონ სტრატეგიები ბანკების.
გზავნილი ერთის მხრივ არის ის, რომ საკმაოდ ბევრი რეგულაცია გატარდა ბოლო 12 თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ, ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ნაკლები ზრდა და ჩვენი მესიჯი იყო, რომ ამასთან ერთად, თავად რისკიანობა საბანკო სექტორის არის შემცირებული და სიმყარე არის გაზრდილი. აქამდეც ქართული საბანკო სფერო და სივრცე იყო გამორჩეული სიმყარით მთელ რეგიონში და ამ კუთხით კაპიტალიზაციის დონე უფრო იზრდება და სანდოობის კუთხით, ასე ვთქვათ უფრო გამყარება ხდება.
კითხვები ამ მიმართულებით რა თქმა უნდა არის. ერთ-ერთი მთავარი კითხვაა ამ რეგულაციების ფონზე როგორი იქნება ზრდის შემცირება, თუმცა ზრდა იქნება და აქედან გამომდინარე ხვალინდელ და ზეგინდელ სტრატეგიას როგორ ვხედავთ. ჩვენ მიგვაჩნია რომ ზრდის რაღაც ნაწილი, სადაც ზრდა ყველაზე მეტი იქნება არის საშუალო ბიზნესის სექტორი SME სეგმენტი და იპოთეკური სესხები. ვინაიდან, ძალიან ბევრ ჩვენ მოქალაქეს უნდა რომ გააფართოვოს საცხოვრებელი პირობები, ან მშობლებისგან გადავიდნენ ცალკე და შესაბამისად პატარა, - ერთ და ორ ოთახიან ბინებზე ძალიან დიდი მოთხოვნა არის და მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ზრდის ერთ-ერთი მიმართულება.
რა თქმა უნდა კითხვებს იწვევს ნებისმიერი რეგულაციის ცვლილება, ჩვენი მიზანი არის მათ დავანახოთ, რომელიც აქვს ამ რეგულაციებს. ერთის მხრივ ეს არის ზრდის შემანელებელი, მაგრამ ამავე დროს არის რისკის შემამცირებელი როგორც მთლიანად ეკონომიკისთვის, ასევე ბანკებისთვის.
ინვესტორებისთვის მთავარი არის ზრდა. ზრდა და მომხმარებლების რაოდენობის კომბინაცია. დიდი ცვლილებები ხდება საბანკო სექტორში. გაციფრულება ხდება ყოველდღიური ურთიერთობების ჩვენ კლიენტებთან. ადრე თუ ბანკში მიდიოდა, ახლა დიდი უმრავლესობა ან მობილური ტელეფონით ახორციელებს, ეს გადარიცხვები იქნება თუ ნებისმიერი ტიპის საბანკო ოპერაცია ან ჩარიცხვის აპარატებით. 93% მთელი ტრანზაქციების რაც ჩვენთან ხდება, ხდება ციფრული არხების მეშვეობით. ყოველ ფილიალში სულ უფრო ნაკლები ხალხი მიდის. ამ კუთხით განვითარება მიმდინარეობს და საქართველო მართლაც, ერთ-ერთი მოწინავეა", - "საქმიან დილაში" განაცხადა "საქართველოს ბანკის" CEO-მ არჩილ გაჩეჩილაძემ.
26 ივნისის მდგომარეობით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე "საქართველოს ბანკის" ჯგუფის აქციების ღირებულება 15.17 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) კი 746 მილიონი ფუნტი სტერლინგია. გასული წლის განმავლობაში ბანკის წმინდა მოგებამ 488 მილიონი ლარი, ხოლო ერთ აქციაზე გაცემულმა დივიდენდმა 244 ცენტი შეადგინა.

























