მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩილ ჯაყელი: რეგულაციამ შოკი გამოიწვია... თუ განვადებას მე გავაკეთებ, ბანკის ფუნქცია რა იქნება?"

5ca87456aef42
ლიკა გურაბანიძე
07.04.19 10:03
3472
სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი 1 იანვრიდან ამოქმედებული საბანკო რეგულაციებით გამოწვეული სესხების შეზღუდვიდან გამომდინარე, სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების მიერ შესაძლო შიდა განვადებების სისტემის ამოქმედებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ბიზნესმა ბანკის ფუნქცია არ უნდა შეითავსოს“.

როგორც ჯაყელი bm.ge-თან განმარტავს, 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულმა ახალმა საბანკო რეგულაციებმა ქვეყანაში შოკი გამოიწვია, რაც საზოგადოებასთან ერთად, ყველა სახის ბიზნესს შეეხო.

მისივე თქმით, საბანკო რეგულაციების შედეგად „ივერონის“ გაყიდვები 50%-მდე შემცირდა.

„ივერონის“ დამფუძნებლის განცხადებითვე, შიდა განვადების სისტემის ამოქმედებას გარკვეული სახის სირთულეები ახლავს.

„სამშენებლო კომპანია ბანკის ფუნქციებს ვერ შეითავსებს. შიდა განვადების გაკეთება იმ კლიენტებზე, ვინც გადამხდელუნარიანი იქნება, შესაძლებელია, მაგრამ შიდა განვადება რომ გააკეთო და რამდენიმე პირმა თანხა ვერ გადაგიხადოს, კომპანიას პრობლემები შეექმნება. თუ განვადებას მე გავაკეთებ, ბანკის ფუნქცია რა იქნება?“ - განაცხადა არჩილ ჯაყელმა.

„ივერონის“ დამფუძნებელი იმასაც აღნიშნავს, რომ საბანკო რეგულაციების გამო, სამომავლოდ მასშტაბური პროექტების განხორციელებაზე აღარ ფიქრობს.

მისივე განმარტებით, საჭიროა, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესს ნებისმიერ თემაზე მეტი ხელშეწყობა ჰქონდეს და მეტად ინფორმირებული იყოს.

„მირჩევნია, რომ მთელი რესურსი ერთი კონკრეტული, პატარა პროექტისკენ მივმართო და ისევ გაჭირვებით გავაგრძელო საქმიანობა, რათა სრულად არ გავჩერდე და ერთი პროექტით გავიტანო თავი. საბანკო რეგულაციებით მხოლოდ სამშენებლო ბიზნესს არ შეექმნა პრობლემა და ამით საზოგადოებაც დაზარალდა. ფაქტობრივად, ბანკების რეგულაციამ შოკი გამოიწვია, როგორც მოსახლეობაში, ისე - მშენებლობაში, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესის მიმართულებით და ზოგადად, ნებისმიერ სფეროში“, - განმარტა არჩილ ჯაყელმა.

ცნობისთვის, ზოგიერთმა კომპანიამ საბანკო რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ბიზნესში გართულებული მდგომარეობიდან გამომდინარე, შიდა განვადების სისტემაზე გადასვლა გადაწყვიტა. მაგალითად, მათ შორისაა კომპანია „ტექნო ბუმი“. როგორც გადაცემაში - "Forbes კვირა გიორგი ისაკაძესთან ერთად" კომპანიის დამფუძნებელმა ანზორ ქოქოლაძემ განაცხადა, შიდა განვადების ახალი სისტემა უახლოეს მომავალში ამოქმედდება.

ბიზნესმენი დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ აღნიშნავს, რომ შიდა განვადებით პროდუქციის შეძენისას ხელშეკრულება „ტექნო ბუმსა“ და კლიენტს შორის დაიდება და ბანკი რგოლი საჭირო არ იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები