საქართველოს პარლამენტის წევრმა და უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სებ-ის პრეზიდენტს პარლამენტში მისვლისთვის და კანონის ზედმიწევნით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
მისი თქმით, 1 იანვრიდან ამოქმედებული საფინანსო რეგულაციების შესახებ განმარტების გაკეთება პირველი კვარტლის შემდეგ უნდა მოხდეს.
"მადლობა სებ-ის პრეზიდენტს, ვინაიდან მან შეასრულა კანონის და რეგლამენტის მოთხოვნები ზედმიწევნით და მოვიდა პარლამენტში მიუხედავად იმისა, რომ იყო მოლოდინები, რომ ის არ მოვიდოდა, კობა გვენეტაძე გამოცხადდა სხდომაზე. ვფიქრობ, რომ რეგულაციების შესახებ შეფასების გაკეთება უპრიანი იქნება მინიმუმ ერთი კვარტალის შემდეგ. ვიზიარებ არგუმენტებს, როგორც უმრავლესობის წევრი. ნამდვილად, სჯობს და ლოგიკური იქნება გვქონდეს მინიმუმ 1 კვარტლის მონაცემები.
თიბისის საკთიხს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული არგუმენტების შეფასება მოგვიწევს. სების პრეზიდენტის განცხადებებში იყო არგუმენტირებული, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკა მოიყვანა მაგალითად, როდესაც რეგულატორსა და საფინანსო ინსტიტუტს შორის მიღებული გადაწყვეტილების გარშემო ამ ფორმატში პირდაპირი განხილვა უპრეცედენტოა", - განაცხადა თალაკვაძემ.
საკომიტეტო მოსმენა თიბისი ბანკის საქმეთან დაკავშირებით მიმდინარეობს, გუშინ გავრცელებული განცხადების მიუხედავად მას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ესწრება. დარბაზში არიან TBC ბანკის დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებიც მზად არიან დეპუტატთა კითხვებს უპასუხონ.

























