ეროვნული ბანკი 4 მარტის სხდომაზე არ მოვა - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა. მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს, რომ ღია ფორმატში პარლამენტში, პირისპირ დასვა რეგულატორი და რომელიმე კერძო სტრუქტურა.
“ეროვნული ბანკი სხდომაზე არ მოვა, რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი-რეგლამენტი არ ითვალისწინებს, რომ პარლამენტმა რეგულატორს ანუ ეროვნულ ბანკს კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვა მოუწყოს და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება კონკრეტულ საქმეზე. მე არ ვამბობ ბანკის საქმიანობაზე. მეორე-მსოფლიო პრაქტიკაში არ არსებობს, რომ ღია ფორმატში პარლამენტში, კომიტეტზე პირისპირ დასვან რეგულატორი და რომელიმე კერძო სტრუქტურა და იმ გადაწყვეტილებაზე და იმ საქმეზე მოაწყონ ღია განხილვა, რომელზეც შეთანხმება თიბისი ბანკსა და ეროვნულს შორის უკვე შემდგარია”-აცხადებს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში თიბისი ბანკის საქმეზე განხილვის მოწყობა იგეგმება. ერთი მსგავსი მოსმენა დარგობრივ კომიტეტში მიმდინარე კვირას უკვე ჩაიშალა. კომიტეტზე კითხვებზე პასუხის გასაცემად ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც მივიდა, რომელმაც განაცხადამ რომ საქმის ღიად განხილვა დააზიანებდა არამხოლოდ თიბისი ბანკს, არამედ მთლიანად საფინანსო ინსტიტუტებს. შედეგად, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის დახურვის გაადაწყვეტილება მიიღო, რის შმედეგაც ის ჩაიშალა. პარლამენტში კომიტეტზე თიბისი ბანკის თანადამფუძნებლებიც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც იმყოფებოდნენ.

























