მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Arena Games - Web3-თამაშების პლატფორმა საქართველოდან | 500 Georgia Demo Day

649d3af6c5d01
BM.GE
29.06.23 16:10
427
სტატიაში საუბარია:

"მხოლოდ 2023 წელს, უკვე შევძელით თანამშრომლობა ვიდეო თამაშების დეველოპერ 10 სტუდიასთან და ყოველკვირეულად 5 ახალ თამაშს ვუშვებთ" - ამის შესახებ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, Arena Games-ის საოპერაციო დირექტორმა, მარი გიორგობიანმა განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. Arena Games-ი ტექნოლოგიური პლატფორმაა, რომელიც თამაშების დეველოპერებსა და მოთამაშეებს აერთიანებს და მათ ტრადიციული თამაშების ბლოკჩეინზე ინტეგრირების საშუალებას აძლევს.

“თამაშების ტრადიციული ბაზარი უზარმაზარია, მაგრამ მას რამდენიმე პრობლემა აქვს, რომლის გადაწყვეტა Web3-ს შეუძლია. Web2-ის შემთხვევაში, როგორც წესი, დეველოპერები შემოსავლების არასტაბილურ მოდელებს იყენებენ - ამასთან, დაბალია აღმოჩენებადობის მაჩვენებელიც. ჩვენი GameFi-პლატფორმა მომხმარებლებს შემოსავლის მდგრად მოდელს და ახალ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას სთავაზობს. ამასთან, გვყავს მოთამაშეები, რომლებიც Pay-to-Win-მოდელების მქონე პლატფორმებს იყენებენ და ხშირად, თამაშის პროცესის რეკლამების გამო ჩეფერხება უწევთ. ამ პრობლემებს ბლოკჩეინზე სამართლიანი კონკურენციისა და მონეტიზაციის სქემით ვაგვარებთ”, - აღნიშნავს მარი გიორგობიანი.

კითხვაზე, თუ როგორ მივიდა კომპანია Web3-ინდუსტრიამდე, მარი გიორგობიანი აღნიშნავს, რომ Arena Games-მდე, გუნდმა თამაშების დეველოპმენტის სტუდია “სამბრელა” დააფუძნა, რომელმაც, ამ პერიოდში, 20-ზე მეტი თამაში შექმნა. “მოგვიანებით, დაახლოებით ერთი წლის წინ, გადავწყვიტეთ, ბლოკჩეინში ჩვენი გამოცდილება გაგვეერთიანებინა და Web3-პლატფორმა შეგვექმნა, რომელიც დეველოპერებსა და მოთამაშეებს ერთ სივრცეში გააერთიანებდა. აი, ასე დაიბადა Arena Games-ი”, - ყვება კომპანიის საოპერაციო დირექტორი, მარი გიორგობიანი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მარი გიორგობიანი ახალი თამაშების დამატებას და პლატფორმის ფუნქციონალის გაუმჯობესებას ასახელებს. მისივე თქმით, Arena Games-ი ყოველთვიურად მინიმუმ ორი ახალი თამაშის დამატებას გეგმავს. “ჩვენი პლატფორმისთვის, პირველი სამიზნე ბაზარი სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიაა”, - ამბობს მარი გიორგობიანი.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები