არგენტინის მთავრობამ შეიმუშავა პროგრამა, რომლითაც მდიდარი ინვესტორების მოზიდვასა და, პარალელურად, "არგენტინის რესპუბლიკის ფისკალური და ფინანსური პოზიციის შემდგომ განმტკიცებას" გეგმავს. ინიციატივა მსურველებს ინვესტიციის სანაცვლოდ მოქალაქეობის მიღების და სტანდარტული პროცედურების გვერდის ავლის შესაძლებლობას აძლევს.
ეკონომიკის მინისტრმა ლუის კაპუტომ და მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა დიეგო სანტილიმ "ინვესტიციით მოქალაქეობის მიღების" პროგრამა პარიზში, ბიზნესფორუმ "არგენტინის კვირეულის" ფარგლებში წარადგინეს. მათი თქმით, განაცხადების მიღება 2026 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება.
პროგრამა მთავარ ინვესტორებს, რომლებიც მოქალაქეობას საკუთარი თავისთვის ან ოჯახის წევრებისთვის ითხოვენ, "ორ მარტივ და გამჭვირვალე მექანიზმს" სთავაზობს.
პირველი გზაა "ეროვნულ ხაზინაში 350 000 დოლარის ოდენობის პირდაპირი, არაანაზღაურებადი კონტრიბუციის შეტანა", - განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროში. მეორე, შედარებით მაღალი რისკისა და მაღალი ამონაგების მქონე ვარიანტია "სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი 800 000 დოლარის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციების შეძენა".
მთავარი აპლიკანტის მეუღლესა და 25 წლამდე ასაკის შვილებს განაცხადის შეტანა შედარებით დაბალი გადასახადის სანაცვლოდ შეუძლიათ: მეუღლისა და 18-25 წლამდე ასაკის უშვილო შვილებისთვის გადასახადი 100 000 დოლარს შეადგენს, ხოლო არასრულწლოვნებისთვის - 25 000 დოლარს.
"ამ სქემით, სტანდარტულ ოჯახს - მთავარ აპლიკანტს, მის მეუღლესა და ორ არასრულწლოვან შვილს - არგენტინის მოქალაქეობის მიღება ჯამში 500 000 დოლარად შეეძლება", - აცხადებს სამინისტრო.
არგენტინის ხელისუფლების განცხადებით, პროგრამა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციებს დაეფუძნება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო სტანდარტების დაცვა და "ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთისა და ფინანსური გამჭვირვალობის წესებთან შესაბამისობა".
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას არგენტინის მსოფლიოსთან კავშირების გასაძლიერებლად, ჩვენი მოქალაქეობის ღირებულების საერთაშორისო დონეზე წარმოსაჩენად და ქვეყნის, როგორც ღია და საიმედო სახელმწიფოს, დასამკვიდრებლად", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა კაპუტომ.
























