მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არგენტინის ცენტრალური ბანკი მარადონას "საუკუნის გოლის" 40-წლიან იუბილეზე ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს

მარადონას ვერცხლის მონეტები

არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა ვერცხლის მონეტის გამოშვება გამოაცხადა, რომელიც დიეგო მარადონას ლეგენდარულ “საუკუნის გოლს“ ეძღვნება, თუმცა მონეტაზე მარადონას სახელი საერთოდ არ არის ნახსენები, რაც საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ვერცხლის მონეტა, რომლის ნომინალური ღირებულება 10 არგენტინულ პესოს შეადგენს, 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის საერთაშორისო სამახსოვრო მონეტების პროგრამის ნაწილია. ცენტრალური ბანკი (BCRA) ამ პროგრამაში უკვე მეხუთედ მონაწილეობს, ვინაიდან მანამდე მონეტები გამოუშვა წინა ხუთი მსოფლიო ჩემპიონატისთვისაც.

მონეტის დიზაინზე გამოსახულია არგენტინის მეორე გოლის სქემატური ნახატი ინგლისის წინააღმდეგ 1986 წლის მექსიკის მუნდიალზე გოლი, რომელიც ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევა. სწორედ იმ ეპიზოდში მარადონამ ნახევარი მოედანი გაიარა 10 წამში, მოატყუა ხუთი ინგლისელი და გაიტანა ბურთი, რომელიც 2002 წელს FIFA-მ ოფიციალურად აღიარა “მე-20 საუკუნის საუკეთესო გოლად“. 2026 წელს ამ მომენტს 40 წელი შეუსრულდება.

გულშემატკივრებმა მალევე შენიშნეს, რომ არც მონეტაზე და არც ბანკის ოფიციალურ განცხადებაში არ იყო ნახსენები დიეგო მარადონას სახელი, რაც მკვეთრი კრიტიკის მიზეზი გახდა.

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი მთავრობისთვის უხერხულ ფიგურად იქცა.
ცხოვრების განმავლობაში დიეგო მარადონა საკუთარ თავს პერონისტად მიიჩნევდა და მჭიდროდ იყო დაკავშირებული მემარცხენე პოლიტიკოსებთან, მათ შორის ფიდელ კასტროსთან, უგო ჩავესთან და კრისტინა კირშნერთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები