მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aric Group-ის თემით ლევან დავითაშვილი დაინტერესდა - ის ინვესტორს ხვალ შეხვდება

61e8007068af5
მარიამ ვარადაშვილი
19.01.22 17:18
1450

ირანულ-ქართული საინვესტიციო ჯგუფი Aric Group-ი უკვე მეშვიდე წელია აგროკულტურების განვითარებაზე მუშაობს. ინვესტორებს კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ფისტას, ნუშის და კაკლის ბაღებთან ერთად, ვენახებიც აქვს. მოსავლის გადამუშავებისთვის კი მათ საწარმოს მშენებლობა სურთ, თუმცა საგარეჯოში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ქარხნის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაეწყოთ, საწარმოო პროცესის აწყობას ვეღარ ახერხებენ. 

კომპანიის წარმომადგენელი გიორგი თაბუაშვილი BMG-ს ეუბნება, რომ გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობისთვის, რომლის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 10 მილიონი ლარია, საჭირო მიწის საკითხზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიისგან თანხმობა ამ დრომდე არ მიუღიათ. მისივე თქმით, ხვალ ამ საკითხზე სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს ხვდებიან. შეხვედრაზე მიწვეული არიან როგორც კომპანიის წარმომადგენლები, ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი. 

კომპანია საკრებულოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ტერიტორიის საინვესტიციო პირობით გადაცემაზე, თუმცა საკრებულომ  Aric Group-ს ტერიტორიაზე საზოგადოებრივ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაც მოსთხოვა, რის გამოც შეთანხმება ვერ შედგა.

“უახლოს დღეებში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა იგეგმება. ჯერ საკითხი არ გადაწყვეტილა. ორივე ვარიანტს ვიხილავთ როგორც სახელმწიფოსგან მიწის აღებას საინვესტიციო ვალდებულებით, ასევე კერძო პირებისგან. მუნიციპალიტეტის ინტერესში უნდა იყოს, რომ მის ტერიტორიაზე განთავსდეს მსგავსი საწარმო. ჩვენი მეურნეობა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა განთავსებული და გამომდინარე იქიდან, რომ ის დასახლებული პუნქტებისგან დაშორებულია, იქვე თუ გავაკეთებდით საწარმოს, დასაქმებულებს ძალიან გაუჭირდებოდათ ტრანსპორტირება. ამიტომ ვფიქრობდით, საწარმო ახლოს გაკეთებულიყო, ის სადაც სამუშაო ძალა არის. ამას გარდა, ადგილზე უმუშევრობა დიდია და მოსახლეობა დაინტერესებულია რომ დასაქმდეს”, - აცხადებს თაბუაშვილი.

მისივე თქმით, საკითხი სწრაფ გადაწყვეტას საჭიროებს, რათა შემდეგი მოსავლის აღებისთვის საწარმომ თხილის ან სხვა კაკლოვანი კულტურების მიღება და დამუშავება შეძლოს. მიწის დროულად მიღების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა შემოდგომამდე რეალურია. 

“ალტერნატივად ასევე განვიხილავთ საკუთარ მეურნეობაში საწარმოს გახსნას, სადაც  მუშახელს სიარული ძალიან გაუჭირდება, რადგან საგარეჯოდან, დაახლოებით, 30 კმ-ითაა დაშორებული. ზოგადად, ჩვენი ინტერესი იყო ის, რომ საგარეჯოში შეგვექმნა საწარმო სიმძლავრე, ხალხი დასაქმებულიყო და მათი სოციალური მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესებულიყო”, - აცხადებს გიორგი თაბუაშვილი. 

 Aric Group საწარმოს ასაშენებლად მიწას ეძებს – რა აფერხებს ინვესტორს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები