Aric Group საქართველოში ინვესტიციებს აჩერებს,- შესაბამისი გადაწყვეტილება საგარეჯოს რაიონში მდებარე კომპანიისა და ფერმის „ვინიჩიო ველის“ წარმომადგენლებმა მიიღეს. ამის შესახებ კი bm.ge-სთან Aric Group-ის პროექტის ხელმძღვანელი აფსალ რავარი აცხადებს.
მისივე თქმით, "არიკ ჯგუფს" საწართველოში 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელებული აქვს.
"არიკ ჯგუფი" უცხოური კაპიტალით შექმნილი კომპანიაა, რომელიც 2012 წლიდან სოფლის მეურნეობის, კვების ინდუსტრიის, ეკო-ტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებით მუშაობს. დღესდღეობით, კომპანიის ყველაზე დიდი პროექტი საგარეჯოს რეგიონში „ვინიჩიო ველის“ განვითარებაა. პროექტის მიზანი ფისტის, ღვინისა და ხილის ინდუსტრიული მასშტაბით წარმოებაა. საბოლოოდ, ამ პროექტის ფარგლებში გაშენდება 1,000 ჰექტარი ფისტა, 400 ჰექტარი ვენახი და 400 ჰექტარი ხეხილოვანი ხილის ბაღები.
კომპანიას ჰქონდა ტურისტული მიმართულების განვითარების გეგმებიც, მათ შორის 150 ხუთვარსკვლავიანი ვილის მშენებლობისა და სათავგადასავლო ტურიზმის, მათ შორის საცხენოსნო ტურების დამატების იდეაც.
"გვინდა, რომ ფისტის ხარისხი განსაკუთრებულად მაღალი იყოს, რაც იყო ჩვენი მიზანი, როდესაც საქართველოში ფისტის პლანტაციების გაშენება დავიწყეთ. მაგრამ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევაჩეროთ დამატებითი ინვესტიციები. რა თქმა უნდა, ამ ხეებს მოვუვლით, მაგრამ ახალ ინვესტიციებს არ ჩავდებთ.
ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. ჯერ მინდა, რომ ხელისუფლების წარმოამდგენლების აზრი მოვისმინო ამ საკითხებზე და შემდეგ აუცილებლად ვისაუბრებ დეტალებზე. ვიმედოვნებ, მიმდინარე კვირაში გავაკეთებთ განცხადებას, რატომ ვაჩერებთ ინვესტიციის განხორციელებას",- აცხადებს ბიზნესმენი.
ბიზნესმენი კონკრეტულ მიზეზებზე ჯერ არ საუბრობს, თუმცა, ამბობს, რომ მუშაობისთვის ელემენტარული პირობები არ აქვს შექმნილი. „ვინიჩიო ველი“ საგარეჯოს რაიონში, სოფელ იორმუღანლოსთან მდებარეობს. საუბარია საკმაოდ დიდ ფართობზე, რომელიც მანამდე ათვსიებული არ ყოფილა. გზა საბჭოთა კავშირის შემდეგ არ დაგებულა, პლანტაციაში არც ელექტრონერგია და სხვა კომუნიკაციები მიყვანილი არ არის. ბიზნესმენი ამბობს, რომ თავის დაცვის მიზნით მთლიანი ტერიტორიის სპეციალუად გამოყოფა და შემოღობვა მოუწია, რათა მის ფართობზე გვერდით ფერმებიდან ცხოველები არ გადმოსულიყვნენ.
ამ დროისთვის „ვინიჩიო ველი“ მხოლოდ ნაწილობრივ არის განვითარებული და ათვისებული.

























