მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aric Group საწარმოს ასაშენებლად მიწას ეძებს – რა აფერხებს ინვესტორს?

618669f5efaf0
დავით ჯალაღონია
06.11.21 16:20
2623
ირანულ–ქართული საინვესტიციო ჯგუფი Aric Group საქართველოში, უკვე მეშვიდე წელია აგროკულტურების განვითარებაზე მუშაობს. ინვესტორებს კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ფისტას, ნუშის და კაკლის ბაღებთან ერთად, ვენახებიც აქვს. მოსავლის გადამუშავებისთვის კი მათ საწარმოს მშენებლობა სურთ, თუმცა საგარეჯოში, იმ ტერიტორიაზე, სადაც ქარხნის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაეწყოთ, საწარმოო პროცესის აწყობას ვეღარ ახერხებენ.

რატომ შეფერხდა ინვესტორის გეგმები, ამის შესახებ BMG-ს დეტალურად Aric Group–ის წარმომადგენელი, ინვესტორი აფზალ რავარი ესაუბრა.

“ჩვენი გეგმა საგარეჯოში საწარმოო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უკავშირდებოდა. რატომ საგარეჯოში? – ერთ–ერთი მიზეზი რეგიონში უმუშევრობის მაჩვენებელია, მეორე კი ის არის, რომ იქ ხალხს სამუშაო ადგილთან წვდომა მარტივად შეუძლია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, კახეთის გუბერნატორთან მივედით და მიწა ვთხოვეთ. მათ ორი სხვადასხვა ტერიტორია შემოგვთავაზეს და ერთ–ერთი საგარეჯოში იყო. შემდეგ მერმა დრო დაგვითმო, ადგილი გვაჩვენა. ჩვენ შესაბამისი წერილითაც მივმართეთ, რომ გვაქვს ინტერესი, საწარმოო პროცესი ამ ტერიტორიაზე ავაწყოთ. იდეა ასეთი იყო – ტერიტორიის წინა მხარე ადმინისტრაციას და ლაბორატორიას დაეთმობოდა, უკანა მხარე კი – წარმოებას. ლაბორატორიით სხვებსაც მოვემსახურებოდით.

ყველაფერი კარგად იყო და უკვე, როცა აქტიურობა დავიწყეთ, მითხრეს, რომ საკრებულოსთან არის გარკვეული საკითხი გადასაწყვეტი, რადგან მათ ამ ტერიტორიაზე საზოგადოებრივ-სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება სურთ. მე ავუხსენი, რომ სოფლის მეურნეობისა და საკვები ინდუსტრიის მიმართულებით ვმუშაობ და სპორტი ჩემი ინტერესისა და პასუხისმგებლობის სფეროში არ შედის. ამის შემდეგ, მათ მცირეხნიანი პაუზა აიღეს და გვითხრეს, რომ თუ ამ ტერიტორიებზე საქმიანობის დაწყება გვსურდა, მიწა იმ პირობით უნდა შეგვეძინა, რომ ვალდებულებას ავიღებდით და საკალათბურთო და საფეხბურთო დარბაზებს ავაშენებდით. მე ვიკითხე, სად უნდა ამეშენებინა ეს სპორტული ინფრასტრუქტურა, რაზეც მიპასუხეს, რომ - საწარმოს მარჯვენა და მარცხენა მხარეს, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია - წარმოებას სპორტულ ნაგებობებთან კავშირი არ აქვს. ამაზე ჩვენ უარი განვაცხადეთ. უკვე ნოემბერში კი რაგბის ასოციაციიდან დაგვიკავშირდნენ და შეგვატყობინეს, რომ ამ მიწაზე სარაგბო ინფრასტრუქტურის განთავსება იგეგმება, რაზეც ჩვენი მხრიდან პრობლემა არ არის. დღეს უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ საგარეჯოში ამ პროექტს ვაჩერებთ და ვეცდებით, კერძო პირისგან შევიძინოთ მიწა, სადაც საწარმოს ავაშენებთ. თუ კერძო მიწა ვერ მოვიძიეთ, ისევ ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვთ დახმარებას, მაგრამ რაიმე სპორტული დაწესებულების მშენებლობას არ ვაპირებთ. ეს ჩვენი საქმე არ არის.

მე ბოდიშს ვუხდი მოსახლეობას საგარეჯოში, რადგან პროექტის დაწყებას ვაპირებდით და ახლა უნდა შევჩერდეთ. ჩვენ ვეცდებით მიწის მოძიებას, სადაც საწარმოო ინფრასტრუქტურას განვათავსებთ. ჩვენც გვაქვს საკმარისი ტერიტორიები, მაგრამ ეს სოფლიდან მოშორებით არის და იორმუღანლოდან ხალხის საწარმომდე მოსაყვანად, 20 კილომეტრი სიგრძის გზის დაგება მოგვიწევს”, – განაცხადა ინვესტორმა.

რატომ შეიცვალა საგარეჯოში, ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტები საწარმოს მშენებლობის მხარდაჭერიდან რაგბის კომპლექსისთვის ინფრასტრუქტურის განვითარებამდე, ასევე, აპირებს თუ არა ადგილობრივი, ან ცენტრალური ხელისუფლება ინვესტორს ახალი მიწა შესთავაზოს, ამის გარკვევას BMG შესაბამის უწყებებში შეეცდება.

ცნობისთვის: Aric Group-ის საკუთრებაში კახეთში 650 ჰექტარი მიწაა, სადაც აგროკულტურებია გაშენებული. სეზონურად, საინვესტიციო ჯგუფი 150 ადგილობრივს ასაქმებს. საქმიანობის მანძილზე მათ 60 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია აქვთ საქართველოში ჩადებული და ახალი პლანტაციების გაშენებასაც გეგმავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები