არის აბსურდული დეზინფორმაცია, რომ ძროხების წველადობაზე მოქმედებს ჰესი,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობაში იზრდება მიუღებლობა ჰესების მიმართ და ეს გამძაფრდა ბოლო პერიოდში.
„ახსნა კი მარტივია - ჰიდროსადგურების მშენებლობის ტემპი გაიზარდა. 2014-2015 წელს რეგულაციები შეიქმნა იმდაგვარი, როლებმაც ეს დარგი ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი გახადა. დარგი არის საჭირო, მიმზიდველი, პროექტები ძალიან ბევრია.
მივედით იქამდე, რომ მცირე და უწყინარი პროექტებიც იწვევს მიუღებლობას, ამის რამდენიმე ფაქტორია, არის ცოდნის ნაკლებობა და როდესაც ამასთან გვაქვს საქმე, მძლავრობს დეზინფორმაცია. არის აბსურდული დეზინფორმაცია, რომ ძროხების წველადობაზე მოქმედებს ჰესი და არის არცთუ უწყინარი თემები, რომლებზეც საუბარი არ მინდა“,- აცხადებს ნათია თურნავა.
მისივე თქმით, აღნიშნული გამოწვევებიდან გამომდინარე კომუნიკაციის გაძლიერების აუცილებლობა არსებობს.
„ამან დაგვანახა დარგის რეფორმის დაჩქარების აუცილებლობა. უნდა გავარღვიოთ ეს დეზინფორმაციული ფონი“,- აცხადენს მინისტრი.

























