ჰიდრო-ენერგო სექტორში მოქმედმა კომპანიებმა ნაკადულის კალმახის საშენის პროექტი 300 000 ლარით დააფინანსეს, - თემის დეტალებით ’’ბიზნესკონტრაქტთან“ გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი საუბრობს.
-გადაშენების პირას მყოფი ნაკადულის კალმახის პროექტში კერძო სექტორისგან რა ფორმით მოხდა თანხების მიღება?
-ენერგეტიკის სამინისტრო და ენერგო სექტორში მომუშავე ბიზნეს კომპანიები ამ პროცესს ცოტა მოგვიანებით შემოუერთდნენ. არანაირი ახალი სააგენტოები არ შექმნილა, 1958 წლის შემდეგ არსებობს სააგენტო, რომელსაც გასულ წლამდე ეროვნული საშენი მეურნეობა ერქვა, დღეს ამ სააგენტოდან ჩვენ 104 სატყეო, ენდემური სახეობის წითელი ნუსხის ნერგი გამოგვყავს, რომლებიც ხშირად ტყის ფონდში გადადის. ამ ტიპის ფუნქციის შესრულების პროცესში, წლების განმავლობაში კერძო სექტორს ინტერესი არ გამოუჩენია, რომ სატყეო სახეობები მათ ეწარმოებინათ, რადგან როგორც წესი რეკრეაციულ ფართობებში მათზე მოთხოვნა კერძო სექტორში არ არის და კერძო სექტორის სამეურნეო მეურნეობები უფრო ნაყოფის მომცემი კულტურებით არიან დაინტერესებული.
გასულ წელს ჩვენ ფიქრი დავიწყეთ იმაზე, რომ გარდა ფლორისა, ფაუნაზეც უნდა ვიზრუნოთ. გადაწყვიტეთ, რომ გადაშენების საფრთხის წინაშე არსებული გარკვეული მოწყვლადი სახეობა შეგვერჩია და დღეს უკვე მაგალითად, კოლხური ხოხბის ენდემური სახეობის, კაკაბის გამრავლება მიმდინარეობს. გასულ წელს ჩვენი ეკონომიის ხარჯზე სამინისტროში ჩვენ თვითონ მოვიძიეთ 60 000 ლარი და ეს პროცესი დავიწყეთ, რომელმაც კონკრეტული შედეგები მოგვცა. ასევე პრაქტიკულად გადაშენებული ჯიშის პორფირიონის აღდგენა დავიწყეთ, ეს ე.წ. ხონთქრის ქათამია, რომელიც ტავის დროზე ძალიან პოპულარული იყო. ეს პროცესი გაგრძელდება და პარალელურად სხვა სახის სახეობაზეც ვიზრუნებთ.
ვფიქრობთ, რომ გარემოს დაცვის პრობლემების გადაწყვეტის პროცესში მოსახლეობის ჩართულობა ძალიან საინტერესოა და გასული წლის ოქტომბერში ერთგვარი აუქციონი გავაკეთეთ და მასში მონაწილეობის მისაღებად კერძო კომპანიები მოვიწვიეთ. მათ კონკრეტული ლოტები, ანუ სხვადსხვა სახეობის ნერგები შევთავაზეთ და რესურსი, რომელიც ამ ლოტების შეძენის შემდეგ მოგროვდება, გვინდა, რომ კონკრეტული კეთილის საქმისთვის გამოვიყენოთ. ჩვენი მოლოდინი იმ აუქციონის შედეგების შემდეგ 8-ჯერ გაიზარდა. შემოწირულობის სახით თუ დაახლოებით 1 000 ლარს ველოდებოდით, 8 000 ლარზე მეტი შემოსავალი მივიღეთ. ამ ღონისძიებას ჩემი კოლეგებიც ესწრებოდნენ, მათ შორის ენერგეტიკის სამინისტრო. შემდეგ მათ ეს ინიციატივა ისე გაავრცელეს, რომ ენერგო სექტორში დასაქმებულმა კერძო კომპანიებმა სურვილი გამოხატეს და ეს თანხა, რომელიც 300 000 ლარზე მეტია ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.
-რატომ იყო ენერგეტიკის სამინისტრო ჩართული და ენერგოკომპანიები რატომ შეირჩნენ?
-ჩემი კოლეგა ენერგეტიკის მინისტრიც იღებდა მონაწილეობას და მას არსებული ვითარება მოეწონა. ყველამ იცის, რომ ენერგეტიკულ კომპანიებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ და ამ ვალდებულებების შესრულების პროცესში მათ პრობლემები აქვთ. წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის კანონმდებლობის 22-ე მუხლის შესაბამისად, წითელ ნუსხაში მოხვედრილი სახეობების მხოლოდ გამრავლება შეიძლება, ასევე სამეცნიერო მიზნებით და გადარჩენის ან მკურნალობის მიზნით გარკვეული მანიპულაციებია შესაძლებელი. ამ დარგის კომერციალიზაცია არ ხდება, სახელმწიფო ამ სახეობებს იცავს და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა იმასთან დაკავშირებით, რომ აქ კერძო სექტორი იზღუდება მცდარია. ჩვენ იმ რაოდენობის თევზის გამოყვანას და შემდეგ მდინარეებში გაშვებას შევძლებთ და მდინარეებში არსებულ ვითარებას შევცვლით და წითელი ნუსხიდან ამ კონკრეტული სახეობის ნაკადულის კალმახის ამოღებას შევძლებთ, ამის პარალელურად შეიძლება ეკოტურიზმის განვითარებაზე ვიფიქროთ. ამაზე ვფიქრობთ, გასულ წელს ჩვენი ერთ-ერთი პირველი ღონისძიება სპორტული თევზჭერის ტურნირის გამართვა იყო, რაც ვფიქრობ, რომ ამ მრავალპლანიანი გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.
-კერძო კომპანიების ჩართულობა და შეთავაზება, რომელიც გაკეთდა ნებაყოფლობითი იყო თუ თქვენ რომ ახსენეთ ვალდებულებები ისინი ითვალისწინებენ ამას?
-კომპანიებს რაც აქვთ ის ვალდებულებები რჩებათ. ის ვალდებულებები სალიცენზიო პირობებია, რომლის მიხედვითაც თითოეულ კომპანიას ვალდებულება აქვს გაამრავლოს არა მარტო ნაკადულის კალმახი, არამედ სხვა სახეობებიც და აქ წარმოების მიზნით მდინარეში გაუშვას. საქმე ის არის, რომ კომპანიებს ხშირად ასეთი ცოდნა არ აქვთ და ზოგადად საქართველოში მსგავსი ტიპის ცოდნით აღჭურვილი ადამიანები ძალიან ცოტა არიან. ჩვენს გეგმაში ისიც არის, რომ ამ გამოცდილების, აღნიშნული პილოტ-პროექტის საფუძველზე ერთგვარი სასწავლო მოდული შევქმნათ და გვინდა, რომ თითო რაიონში თითო ადამიანი მაინც იყოს ისეთი, ვისაც ეს ცოდნები ექნება, რადგან ჩვენ სუფთა წყლის რესურსებით მდიდრები ვართ და კომპანიებს პირიქით, შესაძლებლობა შევუქმნათ, რომ ისინი თუ თვითონ არა, აუთსორსინგზე მაინც, სხვა კომპანიებს მაინც მისცენ შეკვეთები და ეს ვალდებულებები შეიცნონ. აუქციონში მონაწილე კერძო სექტორს ვალდებულებები არ ეხსნება, ეს მათი მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ ქველმოქმედებაა.
-ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების საკითხზე რეფორმა იგეგმებოდა, რა ხდება ამ მიმართულებით?
- ჩვენ წიაღის რეფორმასთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე თვეა ინტენსიურად ვმუშაობთ. ეს ძალიან დიდი და კომპლექსური საკითხია. მიმდინარე ეტაპზე რამდენიმე კერძო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, მათ შორის უცხოურ და საკონსულტაციო კომპანიებთან. მოლაპარაკებები გვქონდა და საფინანსო ინსტიტუტები ჩაერთვებიან ამ კვლევის პროცესში. ეს, როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას, ასევე საუკეთესო პრაქტიკების მოდელების დანერგვას გულისხმობს. შესაძლოა ცალკეული ინიციატივები ეტაპობრივად დავნერგოთ, თუმცა ამ კვლევის ჩატარების შემდეგ გენერალური ხასიათის ცვლილებები იქნება მოსალოდნელი. ჩვენ კომუნიკაცია ყველა დონის ბიზნესთან გვექნება. ერთადერთი რაზეც შეიძლება მიმდინარე ეტაპზე ვიფიქროთ ცოტა უფრო დაჩქარებული ტემპით ეს არის ე.წ. უმოქმედო ლიცენზიები, რომელთა რაოდენობა ჯამში ბევრი არ არის. რომ დავთვალეთ 10%-საც არ აღწევს, აქაც სხვადასხვა მიზეზები არსებობს თუ რატომ არის ლიცენზიები გაჩერებული. ვფიქრობთ, რომ სხვადასხვა დროს გაცემის სხვადასხვა პირობები არსებობდა ე.წ. საბჭოს წესით გაცემული ლიცენზიები, სადაც ლიცენზიანტებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ, ან შეზღუდული ვალდებულებები აქვთ. დღეს მათთან სახელშეკრულებო ურთიერთობებზე საუბრის დაწყება შეიძლება.
-შეჩერებული ლიცენზიებიდან უარყოფითი ეკონომიკური ეფექტი რამდენია?
-ზუსტი რიცხვების თქმა ცოტა რთული იქნება. კვლევა, რა თქმა უნდა, ესეც უნდა მოიცვას და ამაზეც გაგვცეს პასუხი. მთლიან მოცულობაში, იმ პროდუქტებზე, რომელზეც ბაზარზე უკვე მოთხოვნა არსებობს მიწოდება გვაქვს. ზოგჯერ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც უცოდინრობის გამო საბადო ისე დაზიანდა, რომ გარკვეულ ღირებულებებსაც კარგავს.

























