იურისტი ბადრი ნაიური თბილისში 220 ავტობუსის შეძენის ტენდერში კორუფციის რისკებს ხედავს.
„თბილისში 220 ავტობუსის შესყიდვაზე ტენდერი რა პირობითაც არის გამოცხადებული, ნებისმიერი საქმეში ჩახედული ადამიანი გეტყვის რომელი კომპანია გაიმარჯვებს, რა ფერის ავტობუსს და რა ფასად მიაწვდის“,- აცხადებს იურისტი.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის პრობლემებია თითქმის ყველა იმ ტენდერში, რომელიც დონორი ორგანიზაციის დაფინანსებითა და გრანტებით ხორციელდება. თბილისის ავტობუსების შეძენას დედაქალაქს EBDR და ADB უფინანსებენ.
„კრედიტებით და გრანტებით გამოცხადებული ტენდერები ცხადდება ელექტრონული ტენდერის მეშვეობით, მაგრამ მათ იცავს დონორი კომპანიების წესები, ეს არის EBRD, მსოფლიო ბანკი და ა.შ. იქ წვდომა, გასაჩვრება ან შემოწმება თუ რა პრინციპით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა, გაცილებით რთულია. ყველაზე დიდი კორუფციული მარჟები სწორედ ასეთ ტენდერებშია... სწორედ იმიტომ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების თანხებით ხდება ამ ტენდერების გამოცხადება, იქ ბრუნდება ძირითადი თანხის ნაწილი“,- აცხადებს იურისტი.
გარკვეული კითხვები მსგავსი ტიპის ტენდერებზე აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც. მათი თქმით, მსგავსი ტენდერები შედარებით გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს და კითხვების არსებობის შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციიის გამოთხოვა სერიოზულ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული.
„ვიცით რომელი საფინანსო ინსტიტუტი რას აფინანსებს, ვიცით შედეგები, მაგრამ პროცესში რა ხდებოდა ნაკლებად გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. სანამ არ დასრულდება ყველა პროცედურა მანამდე ჩვენ არ გვაქვს საშუალება, რომ მივიღოთ ინფორმაცია. ხშირად ეს არის კომერციული საიდუმლოობის გამო, ან შეიძლება არ იყოს, მაგრამ ვიღაცას არ აწყობდეს ინფორმაციის მიწოდება. კარგი იქნება თუ საფინანსო ინსტიტუტები გაითვალისწინებენ მსოფლიო ბანკის და ევროპის საინვესტიციო ბანკის პრაქტიკას, რომლებიც ჩვენს სისტემას იყენებენ. იქ ყველაფერი მათი წესებით მიმდინარეობს, მაგრამ გამჭვირვალედ“,- აცხადებს IDFI-ის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ლომთაძე.