მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არის თუ არა მოსახლეობისთვის გაზის გაძვირების საფუძველი?

5b97767f88d3d
დავით ჯალაღონია
11.09.18 12:01
808
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საყოფაცხოვრებო სექტორისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფის გადახედვაზე მუშაობს.
იქიდან გამომდინარე, რომ კომერციული სექტორისთვის დედაქალაქში ბუნებრივი გაზი 16 სექტემბრიდან დაახლოებით 5 თეთრით გაძვირდება, BM.GE-დაინტერესდა, აგვისტოდან ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის ფონზე, შესაძლოა თუ არა გაზის ტარიფი მოსახლეობისთვისაც გაიზარდოს.

ბუნებრივი გაზის მიწოდების ფასი დღეს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში განსაზღვრულია აშშ დოლარში, გაცვლითი კურსით ლართან მიმართებაში 2.5 ლარი. ეროვნული ბანკის დღევანდელი მონაცემებით კი ერთი აშშ დოლარი 2.598 ლარი ღირს. როგორც BM.GE-სთან საუბრისას სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორი გივი სანიკიძე განმარტავს, გაზის ახალ ტარიფში ის კურსი იქნება ჩადებული, რაც სემეკის მიერ გადაწყვეტილების მომენტისთვის იქნება დაფიქსირებული.
„შესაბამისად, რა გავლენას მოახდეს ლარის კურსი ტარიფზე, ამისთვის უნდა დაველოდოთ ტარიფის დათვლის დასრულებისთვის არსებულ მდგომარეობას და ბუნებრივია, ამის შემდეგ იქნება ცნობილი, რამდენად შეიცვლება სამომხმარებლო ტარიფი ამ კომპონენტიდან გამომდინარე. გამომდინარე იქიდან, რომ სამომხმარებლო ტარიფი სხვა კომპონენტებისგანაც შედგება, მხოლოდ ლარის კურსის ცვლილება არ უნდა განვიხილოთ საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის ცვლილების მიზეზად, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა, ტარიფის სხვა კომპონენტმა დადებითი გავლენა იქონიოს ტარიფზე. დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეს არსებითი არ უნდა იყოს“, - განმარტა გივი სანიკიძემ.

სემეკისგან განსხვავებით, ენერგეტიკოსის გია არაბიძის პროგნოზით, მარეგულირებელ კომისიას გაზის სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება დღევანდელთან შედარებით, ლარის კიდევ 5 თეთრით გაუფასურების პირობებში მოუწევს.

„სადღაც 2.65-ზე შეიძლება ფიქრი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ აქ უკვე კორექცია არ შეიტანა სემეკმა, კომპანიებს შეექმნებათ პრობლემა, ამიტომ ვფიქრობ, რომ დოლარის ღირებულება ლართან მიმართებაში 2.65 ლარამდე თუ მიაღწევს, სემეკს მოუწევს დაფიქრდეს, ენერგოკომპანიების ტარიფთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გია არაბიძემ.
ენერგოკომპანიები ამ ეტაპზე BM.GE-სთან არ განმარტავენ, რა მოცულობის საინვესტიციო გეგმები აქვთ წარდგენილი სემეკში და ლარის ბოლო დროინდელმა გაუფასურება რა გავლენა მოახდინა მათ ხარჯებზე. ვიდრე სემეკი მათ სატარიფო განაცხადებს განიხილავს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ფიქრობენ, რომ გაზის გაძვირების საფუძველი ამ ეტაპზე არ არის.

„როგორი იქნება მომავალში კურსი არ ვიცი, მაგრამ ახლა ასე რომ შენარჩუნდეს წლის ბოლომდე, არა მგონია გაძვირების საფუძველი არსებობდეს და დაანგარიშებაში რაიმე არსებითად შეიცვალოს, რადგან მოქმედი ტარიფისთვის მაღალი კურსი ჰქონდა სემეკს აღებული, როგორც მახოვს და შემდეგ უკვე თვითონ კომპანიებმა უნდა გადახედონ, შეაჯამონ და თუ რაღაც განსხვავებას მისცემს, რა თქმა უნდა იქნება საფუძველი, მაგრამ არა მგონია“, - აღნიშნა BM.GE-სთან საუბრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩიქოვანმა.

სემეკს „ყაზტრანსგაზ-თბილისისა“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ სატარიფო განაცხადების განხილვისთვის 180 დღიანი ვადა აქვს, შესაბამისად, კომისია ახალ ტარიფს მიმდინარე წლის დეკემბერში დაადგენს და ის ძალაში 2019 წელს შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები