მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არის თუ არა ქვეყანაში საკმარისი უფასო ტესტირების პუნქტები?

61f90ecd65544
მარიამ ვარადაშვილი
01.02.22 15:21
333

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ტესტებზე არსებული მოთხოვნის პარალელურად მიწოდებაც მაღალია.

“უდიდესი ნაწილი სახელმწიფოს მიერ დაფარულ ტესტირებაზე მოდის. ტესტირებების რაოდენობა მაღალია. ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე რიგები შეიქმნა. ამის გამო დაწესებულებებმა გაახანგრძლივეს მუშაობის საათები ან დაამატეს პირები, რომლებიც იღებენ მასალას. გარკვეული რიგები დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მაინც რჩება, თუმცა მოთხოვნა მაღალია და მიწოდებაც. დაახლოებით, 500 ობიექტი მუშაობს ამისთვის. ვფიქრობ, შესაძლებელია ამ დატვირთვის გაძლება”, - ამბობს გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ტესტირებაზე მიმართვიანობა გაზრდილია. რაც შეეხება კითხვას რამდენად საკმარისია უფასო ტესტერების პუნქტები რეკორდულად მზარდი ინფიცირების ფონზე, გამყრელიძე პასუხობს, რომ "ზოგადად, საკმარისი არასდროს არაფერია". 

"საკმარისი არასოდეს არაფერი არ არის. დღეს ერთ-ერთი გამოწვევა ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სექტორზე ძალიან დიდი მიმართვიანობაა. ბოლო ერთ თვეში ტესტირების საშუალო მაჩვენებელი 52 ათასი გვაქვს - როგორც სწრაფი, ისე PCR ტესტები. რაც შეეხება კითხვას, რამდენია კომერციული და რამდენი სახელმწიფოს ხარჯზე, დაახლოებით, კომერციულის წილი საერთო ტესტირებაში სხვადასხვა ეტაპზე მერყეობს 7-15%-ის ფარგლებში. დღეს დილისთვის, დაახლოებით, 12%-ია კომერციული ტესტირების წილი როგორც PCR-ის, ისე სწრაფ ტესტებთან მიმართებით. დანარჩენს სახელმწიფო ანაზღაურებს", - ამბობს გამყრელიძე.  

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 85 191 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 61 936 ანტიგენისა და 23 255 PCR ტესტი იყო. კვლევის საფუძველზე ქვეყანაში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები