არის თუ არა რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორია კერძო ინტერესის სფერო? - ამ შეკითხვას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა უპასუხა. მისი თქმით, რესპუბლიკურის ტერიტორიაზე აშენდება კლინიკა.
„რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიასთან დაკავშირებით შემიძლია ცალსახად დაგიდასტუროთ, რომ იქ აშენდება საავადმყოფო და არანაირ ინვესტორთან საუბარი არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, რესპუბლიკურის ეზოში პერსონალი აქციას მართავს. როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი კლინიკის დაანონსებულ დაკეტვას აპროტესტებენ. გარდა ამისა, კლინიკის პერსონალისთვის მიუღებელია კომპენსაციის ის სახეები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო მათ სთავაზობს.
საავადმყოფოს კარდიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ოთარიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ეს პერსონალის ტერიტორიიდან გაყრაა, მიზანი კი, ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის მიმართ ინტერესია.
„ვფიქრობთ, რომ უბრალოდ ეს ტერიტორია სჭირდებათ. ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შენობა დაინგრეს. როცა ამდენი ფართია უკან და ამ დროს, ,,ავერსი" ძალიან მცირე ტერიტორიაზე უკვე მესამე კორპუსს აშენებს ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს, რომ აქ საავადმყოფო საერთოდ არ შენდება და არსებობს მხოლოდ ტერიტორიის ინტერესი, ამიტომ სჭირდებათ სასწრაფოდ ჩვენი აქედან მოცილება", - განაცხადა ოთარიშვილმა აქციაზე.
შეგახსენებთ, მთავრობა რესპუბლიკურის თავიდან აშენებას გეგმავს, რის გამოც კლინიკა მუშაობას აჩერებს. არსებული შენობის დემონტაჟის აუცილებლობა ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა.