აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, თბილისის არქივის შენობა, რომელსაც სამშენებლო სამუშაოები 2014 წელს ხარვეზებით ჩაუტარდა, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ექსპლუატაციაში მაინც მიიღო. მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილის მნიშვნელოვან ხარვეზს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაც ადასტურებს.
„სერვისების სააგენტოს მიერ ქ. თბილისის არქივის შენობის სამშენებლო სამუშაოების 2014 წელს განხორციელებული შესყიდვა მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. მიმწოდებელმა ვერ უზრუნველყო ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რის გამოც სააგენტომ მასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და პირგასამტეხლო დააკისრა. სამუშაოების ექსპერტიზა განახორციელა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, რომლის დასკვნაც ადასტურებს მშენებლობის კონსტრუქციული ნაწილის მნიშვნელოვან ხარვეზს. სააგენტომ მიმართა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს, რომელმაც საბოლოოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილების საფუძველზე, შენობა ექსპლუატაციაში მიიღო. აუდიტის სამსახურმა მიმართა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის პასუხიდან ირკვევა, რომ „აღნიშნული შენობის ცალკეული კვანძები საფრთხის შემცველია, ხოლო შენობის ექსპლუატაციაში მიღება გაუმართლებელია, ვინაიდან როგორც წესი, ასეთი შენობის მედეგობა შემცირებულია.“ - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.
სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, არქივის ორსართულიან შენობაში, სადაც განთავსებულია საოფისე ნაწილი და სამუშაო პერიოდში იმყოფებიან თანამშრომლები, გამაგრებითი/გაძლიერებითი სამუშაოები უკვე დასრულებულია, ხოლო მდგრადობის დასადასტურებლად, ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში უკვე გადაგზავნილია მოთხოვნა ექსპერტიზის ჩასატარებლად. არქივის ერთსართულიან ნაწილში, სადაც განთავსებულია არქივი, ამჟამად გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს და დასრულებულია შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის 50%-მდე. სამინისტროს განმარტებით, დღეის მდგომარეობით, არქივის შენობის ექსპლუატაცია არ მიმდინარეობს. დაცლილია ადმინისტრაციული შენობა და თანამშრომლები სამუშაოდ გადაყვანილნი არიან ალტერნატიულ ტერიტორიაზე.