საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის შეფასებით, საქართველო არათუ - მიმზიდველი საინვესტიციო ქვეყანაა, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის და ძალიან ბევრი ინვესტორის ყურადღების ცენტრში ექცევა.
ამის შესახებ ცქიტიშვილმა bm.ge-ს 2019 წლის პირველ კვარტალში 6.3%-ით შემცირებული FDI-ის კომენტირებისას განუცხადა.
კერძოდ, ჟურნალისტი დაინტერესდა - ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება ნიშნავს თუ არა იმას, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველია, რაზეც მინისტრმა შემდეგ პაუხი გასცა:
„არის თუ არა საქართველო მიმზიდველი, მე მგონი, ამაზე კითხვა აღარ არსებობს. საქართველო არათუ - მიმზიდველი, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნის და ძალიან ბევრი ინვესტორის ყურადღების ცენტრში ექცევა. უშუალოდ ბოლო, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებაც, ის მზაობა, რომელიც აშშ-ის მხრიდანაც არის, რომ სავაჭრო საინვესტიციო ურთიერთობაში ბევრად უფრო გაფართოვდეს ეს თანამშრომლობა, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში სტრატეგიულ დონეზე უსაფრთხოების სფეროში გვაქვს, ესეც მეტყველებს იმაზე, რომ არათუ მცირდება, არამედ იზრდება ინტერესი საქართველოს მიმართ“ - განაცხადა მინისტრმა.

























