"2018 წლის იანვარში, ლეანდრო მედინას (Leandro Medina) და ფრიდრიხ შნიდერის (Friedrich Schneider) გამოქვეყნებული სამუშაო ნაშრომი, ავტორთა ინდივიდუალურ შეფასებებს წარმოადგენს და არ ასახავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ პოზიციას, როგორც ეს თავად ნაშრომშია აღნიშნული“, - ამის შესახებ bm.ge-ს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მეთოდოლოგიასა და გამოყენებულ დაშვებებზე. ნაშრომში გამოყენებულია მეთოდები, რომლებიც აფასებს ჩრდილოვანი ეკონომიკის ცვლილების (ზრდა/შემცირების) სიდიდეს, ხოლო დაშვება ჩრდილოვანი ეკონომიკის საწყისი ზომის შესახებ, არაა თანხვედრაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ შეფასებებთან.
კერძოდ, საერთაშორისო ფონდის ოფიციალური შეფასების თანახმად, (პუბლიკაცია IMF country report No:06/170 Georgia: selected issues) ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომამ საქართველოსთვის 2004 წელს 29,2% შეადგინა, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ლეანდრო მედინას და ფრიდრიხ შნიდერის 2018 წლის კვლევაში გამოქვეყნებულ მონაცემებთან. მათ მიერ შეფასებული მეთოდოლოგიის მიხედვით, 2004 წელს ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომამ 66.1% შეადგინა.
“ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კვლევაში დაფიქსირებული მოსაზრებები არ ემთხვევა სსფ-ის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც დადასტურებულია სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, აღნიშნული კვლევა ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის იმიჯზე” - აცხადებენ სამინისტროში და განმარტავენ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისთვის, ასახულია სსფ-ის დამტკიცებულ "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) 3-წლიან პროგრამაში.
“აღნიშნული პროგრამა, რომელიც მთლიანად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული, ითვალისწინებს ეკონომიკის მოწყვლადობის შემცირების ბევრ ღონისძიებას, ხოლო ჩრდილოვანი ეკონომიკა ქართული ეკონომიკის გამოწვევად საერთოდ არ განიხილება. შესაბამისად, სსფ-ის პროგრამა არ მოიცავს ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებს", - განაცხადეს სამინისტროში.
IMF -ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მსოფლიოს 158 ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 31.9%-ია. საქართველო კი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან მიმართებით ყველაზე მაღალია, - კვლევის მიხედვით, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან 64.9%-ია. ამ მაჩვენებლით საქართველო ზიმბაბვესა (60.6%) და ბოლივიას (62.3%) გვერდით დგას.

























