საქართველოს ყოფილი პრემიერმინიტრი ზურაბ ნოღაიდელი დღეს საერთაშორისო კომპანია “ელ გრინში” მოღვაწეობს და სათავეში უდგას ისეთ პროექტს, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს. საკუთარი საქმიანობის შესახებ ზურაბ ნოღაიდელმა გადაცემა “ფორბს კვირაში” გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
მისი განმარტებით, კომპანია "ელგრინის" ქართველი დამფუძნებელი სულხან პაპაშვილია, დანარჩენები კი უცხოელი პარტნიორები არიან.
“არ მგონია, რომ უცხოელი აქციონერების დასახელება დღევანდელი პოლიტიკური ან ეკონომიკური მდგომარეობისთვის, რამენაირად მნიშვნელოვანი იყოს”,- აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.
მან ინტერვიუში ცალსახად უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ კომპანია “ელგრინი” რამენაირად დაკავშირებულია ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილთან. ნოღადელის განმარტებით, ეს რომ ასე იყოს, დასამალიც არ იქნებოდა.
“არ შეიძლება ერთდროულად პოლიტიკაში და ბიზნესში ყოფნა.
არცერთი ქვეყნის მთავრობის ან პარტიის წარმომადგენელი ამ კომპანიაში არ არის. ერთ-ერთი ინტერვიუში საუბარი იყო, რომ უჩა მამაცაშვილი არის ამ პროექტში. ეს ასე არ არის. რომ იყოს, რა იქნებოდა აქ დასამალი? მე ვფიქრობ, არაფერი იქნებოდა დასამალი.
მაგრამ არ არის და ამიტომ პასუხი არის ძალიან მკაფიო - არც პარტნიორია და არც არანაირი კავშირი მას არ აქვს. როცა ვლაპარაკობთ, რომ ეს ადამიანი არ არის ამ პროექტში ჩართული, ვგულისხმობთ მის ნებისმიერ მონაწილეობას. მშვენივრად გვესმის, რომ ადამიანი შეიძლება ფორმალურად არ მონაწილეობს, სინამდვილეში კი იყოს”,- აცხადებს ზურაბ ნოღაიდელი.