მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არმატურის იმპორტი დაიბეგრება - გავლენა ბიზნესზე

25 იანვრიდან არმატურის იმპორტი დაიბეგრება, მოსაკრებელი - 1 ტონაზე ტარიფი 420 ლარით განისაზღვრა. შესაბამის ცვლილებას საქართველოს მთავრობის №494-ე დადგენილება ითვალისწინებს, რომელიც 2024 წლის 31 დეკემბრით თარიღდება. როგორც matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნებულ დადგენილებაში წერია, დადგენილება ძალაში 2025 წლის 1 სექტემბრამდე იქნება.

გადაწყვეტილების სავარაუდო მოტივი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაა. გასულ ეთერებში გიყვებოდით, რომ არმატურის იმპორტი მკვეთრ ზრდას აჩვენებდა. კერძოდ 2024 წლის 11 თვეში იმპორტი 67%-ით, 351,671 ტონამდე იყო მომატებული, ხოლო იმპორტის მოცულობა $200 მილიონი დოლარი იყო.

სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს არმატურის ნახევარი რუსეთიდან შემოვიდა, ირანიდან იმპორტი კი $80 მილიონ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ფასს, - 2024 წელს არმატურის იმპორტის საშუალო ფასი ტონაზე 570 დოლარს შეადგენდა, შესაბამისად მასზე 420 ლარის, ანუ $148 დოლარის გადასახადის დაწესება მის ფასს ტონაზე 718 დოლარამდე გაზრდის. თუკი 2025 წელსაც იმპორტი გაზრდილი სახით შენარჩუნდა, 25 იანვრიდან 1 სექტემბრის მონაკვეთში იმპორტი დაახლოებით 127 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოსაკრებლის სახით ბიუჯეტში 94 მილიონი ლარი შევა.

თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ იმპორტის 420-ლარიანი გადასახადი სწორედ იმპორტის შემცირებისკენ არის მიმართული, სავარაუდოდ 2025 წელს საქართველოში არმატურის იმპორტი უნდა შემცირდეს.

მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობდნენ, რომ ბაზარზე დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით ვითარება სულ უფრო უარესდებოდა, რის გამოც არმატურის ორი მსხვილი მწარმოებელი ადგილობრივი კომპანია ამ ეტაპზე განახევრებული წარმადობით მუშაობს. მარიანა მორგოშია bmg-თან აცხადებდა, რომ რუსეთიდან და ირანიდან შემოტანილ არმატურას იმპორტიორები ადგილობრივ პროდუქციაზე 10-20 დოლარით იაფად ყიდიან და ამ პირობებში, იმპორტირებულ პროდუქციასთან კონკურენციის გაწევა შეუძლებელი იყო.

ამავე მიზეზით კონკურენციის სააგენტომ არმატურის შესაძლო დემპინგურ იმპორტთან დაკავშირებით მოკვლევა საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის მიმართვის საფუძველზე გასული წლის ივნისში დაიწყო. სააგენტოს საბოლოო დასკვნის წარსადგენად ერთწლიანი ვადა აქვს.

საქართველოში როგორც მოგეხსენებათ არმატურის ორი ძირითადი მწარმოებელი რუსთავის ფოლადი და კომპანია "ჯეოსთილია". "რუსთავის ფოლადის" 2023 წლის გაყიდვები ცნობილი არ არის, "ჯეოსთილის" ფინანსური ანგარიშის თანახმად კი კომპანიის შემოსავალი 281 მილიონ ლარს შეადგენდა, კომპანიის ძირითად საქმიანობას სწორედ არმატურის დამზადება წარმოადგენს.

რას შეცვლის ბიზნესისთვის მთავრობის გადაწყვეტილება?

სტუმარი: მალხაზ კუნელაური - „ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის" დამფუძნებელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები