მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არქი მაიამი" - "არქი” აშშ-ის დეველოპერულ ბაზარზე შედის

აშშ

„არქი“ ამერიკაში მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. „არქი მაიამის“ პროექტი ამერიკულ დეველოპერულ კომპანია „ელიტ გრუპთან“ პარტნიორობით ფლორიდის შტატში, პომპანოს სანაპიროზე, მაიამის სანაპიროდან 30 წუთის სავალზე შენდება, რომლის ჯამური ინვესტიცია 50 მლნ დოლარია.

„რა თქმა უნდა, საქართველოში საქმიანობას კვლავ გავაგრძელებთ, პროექტების სხვადასხვა რეგიონში აშენებასაც ვგეგმავთ, თუმცა ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე გავცდით საქართველოს საზღვრებს და მშენებლობას ამერიკაში ვიწყებთ. მე და ჩემს პარტნიორებს გვჯერა, რომ ჩვენი და ჩვენი გუნდის შრომით, სწორი პრიორიტეტებით ამერიკელი მომხმარებლის მოლოდინებს გავამართლებთ, მათ შევთავაზებთ მაღალი დონის პროექტსა და საუკეთესო სერვისებს“, - განაცხადა „არქის“ დამფუძნებელმა, ილია წულაიამ.

„არქი მაიამი“ თანამედროვე, ინდუსტრიული სტილის საცხოვრებელი სახლი იქნება, რომელიც ურბანულად განვითარებულ ადგილას, ჯანსაღ გარემოში შენდება. პროექტი 97 ბინას, აუზს, საერთო სამუშაო სივრცეს, ლაუნჯს, გოლფის სათამაშო სივრცეს, შიდა/გარე ფიტნეს ცენტრებსა და 129 საპარკინგე ადგილს გააერთიანებს.

„იმ პერიოდიდან, რაც არქის პარტნიორი გავხდი, სულ მინდოდა, რომ არქი გლობალური კომპანია გამხდარიყო და დიდ ქვეყნებში დაგვეწყო მშენებლობა, განსაკუთრებით კი აშშ-ში, რადგან 20 წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობ და ვსაქმიანობ. პარტნიორები ყოველთვის ვსაუბრობდით ამ თემაზე და აი, 4 წლის თავზე პირველ პროექტსაც ჩაეყარა საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მენეჯმენტის და გუნდის გამოცდილებით ამერიკაშიც ძალიან წარმატებულ პროექტებს განვახორციელებთ.“ - აღნიშნა „არქის“ პარტნიორმა, ზაზა ფაჩულიამ.

ამერიკაში სამშენებლო პროექტის დამტკიცება რამდენიმე ეტაპისგან შედგება, "არქი მაიამი" უკვე დასკვნით ეტაპზეა. პროექტის მშენებლობა კი 2026 წლისთვის დასრულდება. "არქი მაიამის" კომპლექსში ბინები არ გაიყიდება და მხოლოდ გაქირავდება.

კომპანიას არაერთი მრავალფეროვანი, მაღალი დონის პროექტის შესრულება აქვს დაგეგმილი, როგორც თბილისის სხვადასხვა უბანსა და საქართველოს რეგიონებში, აგრეთვე ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.

„არქი“ ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 60-ზე მეტ დასრულებულ და მიმდინარე პროექტს აერთიანებს თბილისში, ბათუმსა და ბაკურიანში. „არქელების“ რაოდენობამ კი 30 000-ს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები