არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარის დავით აბულაძის განცხადებით, საქართველოში დაბალკვალიფიციური არქიტექტორების პრობლემაა.
მისი აზრით, ამ საკითხს ერთის მხრივ, არქიტექტორების სერტიფიცირების სისტემა მოაგვარებს, რაც ახალი სამშენებლო კოდექსის მიხედვით, 2020 წლიდან სავალდებულო იქნება, მაგრამ მეორეს მხრივ, საჭიროა პროფესიული მომსახურების ქვედა ზღვარის დადგენა.
„ჩვენ ვმუშაობთ, რომ მინიმალური საჰონორარო სისტემა შევიმუშაოთ, რომლის ქვემოთ, ჩავთვლით, რომ პროდუქტი არის არაკვალიფიციური. დღეს გვაქვს 1999 წლის ზოგადი, სახელმწიფოს მიერ მიღებული ფასთა კრებული, რაც არ გაუქმებულა, რომელსაც შეიძლება, დავეყრდნოთ“, - განაცხადა აბულაძემ BM.GE-სთან საუბრისას და დასძინა, რომ არქიტექტორთა კავშირის წევრებს ჯერ არ აქვთ განსაზღვრული, რომელ დოკუმენტში შეიძლება აისახოს მსგავსი რეგულაცია.

























