საქართველოს მთავრობამ არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების პროცესი მესამედ, ამჯერად 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადაავადა.
გადავადების მიზეზი კვლავ აკრედიტებული სერტიფიცირების ცენტრების არარსებობაა.
matsne.gov.ge-ზე გამოქვეყნებული განკარგულების მიხედვით, შემუშავდა სერთიფიცირების პროცესის დებულება. 10 აპრილით დათარიღებულ განკარგულებაში წერია, რომ არქიტექტორებისა და ინჟინერ -მშენებლების სერტიფიცირებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტებული პერსონალის სერტიფიკაციის ორგანო.
აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო სერთიფიკაცს 5 წლის ვადით იმ კანდიდატებზე გასცემს, რომლებიც სასერთიფიკაციო გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ.
რაც შეეხება ტრენინგცენტრებს, აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანო უფლებამოსილია, დააარსოს ტრენინგცენტრი და მსურველთათვის ჩაატაროს საგამოცდო თემატიკასთან დაკავშირებული ტრენინგები.
აკრედიტებულმა სერტიფიკაციის ორგანომ უნდა უზრუნველყოს ტრენინგებისა და სასერტიფიკაციო პროცესის გამიჯვნა საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად.
არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირება სამშენებლო კოდექსით არის გათვალისწინებული და ვალდებულება 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო. მოგვიანებით ეს ვადა 2024 წლის 1-ელ მარტამდე გადავადდა. ბოლო რედაქციით კი მისი ამოქმედება 2025 წლის 1-ელ დეკემბერს იგეგმება. სწორედ არქიტექტორების სერტიფიცირება სახელდება მშენებლობების უსაფრთხოებისა და ქალაქის იერსახის სწორად დაგეგმარების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად.