მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არქიტექტორის პასუხი მცხეთის მოსახლეობას: სამთავროს მონასტრის თავზე განაშენიანება დაუშვებელია

589b1094e4525
დავით ჯალაღონია
08.02.17 16:32
1578
მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელის მერაბ ბოლქვაძის განცხადებით, სამთავროს მონასტრის შემოგარენში მშენებლობა არ შეიძლება, რადგან ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების არეალია. ასე გამოეხმაურა ბოლქვაძე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მშენებლობის უფლების მიღებასთან დაკავშირებით.

"მცხეთაში ძალიან დიდი რაოდენობით ნაკვეთები უსისტემოდ არის გაცემული და ზოგადად, მცხეთას აქვს ტერიტორიული პრობლემა - ძალიან მწირი სივრიცითი რესურსი, მით უმეტეს, იქ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. სამშენებლო თვალსაზრისით იქ შეზღუდვები უნდა დაწესდეს და სწორედ ამას ვიხილავდით ჩვენს პროექტში და ამ მრავალი პრობლემის ფონზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი არის სამთავროს მონასტრის თავზე განაშენიანება, რაც დაუშვებელია. იქ გახლავთ სამაროვანი, ძალიან მნიშვნელოვანი არქეოლოგია", - განმარტა მერაბ ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, არქიტექტორებმა გასულ წელს იუნესკოს ექსპერტებთან ერთად, სამთავროს მონასტრის მიმდებარედ განაშენიანების ესკიზი გააკეთეს, თუმცა სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე განაშენიანება არ შეიძლება.

არქიტექტორის ინფორმაციით, მიწათსარგებლობის გეგმაში, რომელიც საკრებულოს გადაეცა და შემდეგ ამ უკანასკნელმა დაიწუნა, ალტერნატიულ მიწის ნაკვეთებზეა ინფორმაცია მოცემული, რომლის მოსახლეობისთვის შეთავაზება შეიძლება.

"ეს ტერიტორიები ბევრი არაა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იქ შეიძლება ადგილმონაცვლეობა, განვითარება, კომპენსაცია, თუ სხვა ღონისძიებები“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება გენერალური გეგმის პროექტთან დაკავშირებით მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, როგორც მერაბ ბოლქვაძემ განმარტა, ეს ძირითადად ბუფერული ზონების დადგენას ეხება, რაზეც არქიტექტორები მუშაობის გასაგრძელებლად მზად არიან.

გარდა ამისა, გენერალური გეგმის ჯგუფი ელოდება, რომ მათ მიერ მომზადებულ პროექტზე სამთავრობო და ასევე საჯარო ფორმატში განხილვები დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი შპს "სალი 2011"-მა მცხეთის მერიის დაკვეთით და მთავრობის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მოამზადა, რაც 160 ათასი ლარი დაჯდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები