საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა არქიტექტორების სერტიფიცირების სისტემის შემუშავებისთვის კანონპროექტი დაწერა, რომელიც ამ პროფესიის წარმომადგენლებს გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უყენებს.
კანონპროექტის თანახმად, სერტიფიცირებული არქიტექტორის პროფესიული პასუხისმგებლობა დაზღვეული უნდა იყოს.
„არქიტექტორს დამოუკიდებელი პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისას შესაძლოა, მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, წარმოეშვას კერძო ან/და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობები, რის გამოც არქიტექტორი ვალდებულია კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, დააზღვიოს მისი პროფესიული პასუხისმგებლობა“, - ნათქვამია კანონპროექტში.
როგორც კანონპროექტის ავტორი, არქიტექტორთა კავშირის ხელმძღვანელი დავით აბულაძე BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, დღეს პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა არქიტექტორი საკუთარ მომსახურებას საბაზროზე დაბალ ფასად ყიდის, როგორც მისი თქმით, ძირითადად არაკვალიფიციური სპეციალისტები იქცევიან.
„ამ სისტემით დაზღვეული იქნება ის შესაძლო მატერიალური ზიანი, რაც არქიტექტორის პროფესიული საქმიანობით იქნას გამოწვეული. მაგალითად, მე შეიძლება სახლი ისე დავაპროექტე, რომ განათებების, იზოლაციის, ან სანიტარული ნორმები სათანადოდ არ დავიცავი, შესაბამისად, გარემო ცხოვრებისთვის არაჯანსაღი აღმოჩნდა. ეს უნდა აანაზღაუროს სადაზღვევო სისტემამ. უცხოეთში სერტიფიცირების განუყოფელი პროცესია პროფესიული დაზღვევა, ისე რეგულაცია ფარატინა ქაღალდია“, - განაცხადა აბულაძემ,
მისივე თქმით, ამ საკითხზე არქიტექტორთა კავშირს სადაზღვევო კომპანიებთან კონსულტაციები ჰქონდა და ისინი ბაზარზე ამ პროდუქტის შექმნას საინტერესოდ მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ ეს კანონპროექტი არქიტექტორთა კავშირმა დამოუკიდებლად მოამზადა. ამ ეტაპზე უცნობია, გაიზიარებენ თუ არა ამ ინიციატივას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოებში.
ახალი სამშენებლო კოდექსის მიხედვით, საქართველოში არქიტექტორების სერტიფიცირების ინსტიტუტი 2020 წლიდან უნდა დაინერგოს. არქიტექტორთა კავშირი კი საკუთარ კანონპროექტს პარლამენტს მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე გადაუგზავნის.

























