მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქიტექტურა, რომელიც ათწლეულებს უძლებს - კოტე ურუშაძის ხედვა თანამედროვე ქალაქზე

კოტე ურუშაძე
25.11.26 12:04
• 224

შენობა შეიძლება დღეს აშენდეს, მაგრამ მისი რეალური ღირებულება მომდევნო ათწლეულებში განისაზღვროს. სწორედ ამიტომ თანამედროვე არქიტექტურა მხოლოდ სივრცის ფორმირება აღარ არის, ის ბიზნესგადაწყვეტილებების, ურბანული პასუხისმგებლობისა და ადამიანის ცხოვრების ხარისხის ერთიან სისტემას ქმნის.

სწორედ ამ ხედვით მუშაობს არქიტექტორი კოტე ურუშაძე და მისი კომპანია METRIC.

ეს არის საქართველოში დაფუძნებული მსხვილი არქიტექტურული კომპანია, რომლის პროფესიული პორტფოლიო 1 200 000 კვ.მ-ზე მეტ დაპროექტებულ ფართობს აერთიანებს. შესრულებულ პროექტებს შორისაა დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფის“ პროექტები - საკენი, მატიანი, ჰისნი, შანტანი და სხვა; ასევე კომპანია „მეტროპოლის“ პროექტი - „მეტროპოლი ორთაჭალა". პორტფოლიო ასევე მოიცავს მსხვილ სავაჭრო ცენტრებს რუსთავსა და გორში და UEFA-ს III კატეგორიის სტადიონს ლანჩხუთში.

ამჟამად METRIC 19-მდე მასშტაბური მაღალსართულიანი პროექტის არქიტექტურულ პროექტირებაზე მუშაობს, რაც კომპანიის პროფესიულ გამოცდილებას, მზარდ შესაძლებლობებსა და ქართულ ბაზარზე მის მნიშვნელოვან პოზიციას უსვამს ხაზს.

„ნებისმიერი არქიტექტურული ამოცანის დაგეგმვისას ამოსავალი წერტილი დროის ფაქტორია: 2026 წელს შექმნილი შენობა 2050 წელსაც უნდა ინარჩუნებდეს ფუნქციურ და ვიზუალურ აქტუალობას. ყოველი პროექტი ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, სადაც არქიტექტურული კონცეფცია ჰარმონიულად უნდა ერგებოდეს როგორც ეკონომიკურ მიზანშეწონილობასა და ბიზნესის ინტერესებს, ისე მობინადრის ყოველდღიურ საჭიროებებს”, - ამბობს კოტე ურუშაძე.

თანამედროვე არქიტექტურა და პასუხისმგებლობა, რომელიც უარის თქმასაც ნიშნავს

კოტე ურუშაძის პროფესიული ხელწერა არქიტექტურისა და ბიზნესის სინთეზს ეფუძნება. მთავარი ღირებულება საქმიანი და პირადი პასუხისმგებლობაა, რომლის ერთგულებასაც პრინციპული მნიშვნელობაა აქვს.

„ჩვენი ამოცანა არა უბრალოდ პროექტირება, არამედ მდგრადი ბიზნესპროდუქტისა და ფუნქციური არქიტექტურის შექმნაა. ამავდროულად, არსებობს პრინციპული ზღვარი, - კომპანია არასოდეს იღებს დავალებას, თუ მივიჩნევთ, რომ მოცემულ ურბანულ არეალში კონკრეტული მასშტაბის მშენებლობა გაუმართლებელია.

პირადად მე, მხარს ვუჭერ მაღალი განაშენიანების კონცეფციას მხოლოდ იმ პირობით, თუ პარალელურად დიდი ღია სივრცეები და გამწვანებული ზონები შენარჩუნდება”, - აცხადებს არქიტექტორი.

ბოლო ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ადგილობრივ სამშენებლო სექტორში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდა. კოტე ურუშაძის შეფასებით, დღეს ბაზარი სრულიად ახალ საფეხურზეა, სადაც მომხმარებლის მოთხოვნა ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიდან შენობის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე გადავიდა.

„წლების წინ მომხმარებლის ერთადერთი მოთხოვნა სახლის ქონა ან მშენებლობის უბრალოდ დასრულება იყო. დღეს ვითარება მკვეთრად შეცვლილია. დამკვეთიც და მაცხოვრებელიც აფასებს ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, ენერგოეფექტურობას, არქიტექტურულ იერსახეს, გამწვანებას თუ შიდა ეზოს ინფრასტრუქტურას. საზოგადოების აზროვნება მომავალსა და ხარისხზე გათვლილ სტანდარტზე გადავიდა. რაღაც ეტაპზე არქიტექტურა ბუნებრივ გარემოს ჩამოშორდა. დღეს კი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მზის ენერგიის ათვისებით კვლავ ბუნებასთან სინქრონიზაციას ვუბრუნდებით.”

პროფესიული დუეტი და საერთო ხელწერა

კოტე ურუშაძის წარმატებული გზა და მასშტაბური პროექტები წარმოუდგენელია იმ მყარი პროფესიული და პირადი მხარდაჭერის გარეშე, რომელიც მის გვერდითაა.

მისი მეუღლე, არქიტექტორი სოფიო ხოჯავა, არაერთი მნიშვნელოვანი წამოწყების, მათ შორის ODA - საპროექტო-დეველოპერული კომპანიის და ახლა უკვე დეველოპერული კომპანია ODA Courtyard Collection-ის თანადამფუძნებელი და დირექტორია.

არქიტექტორების ოჯახში ზღვარი პირად ცხოვრებასა და პროფესიას შორის ხშირად პირობითია.

„როდესაც ოჯახში ორივე არქიტექტორია, ბუნებრივია, რომ სამუშაო პროცესი სახლშიც გრძელდება. ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას, იდეებსა და ხედვებს. ვფიქრობ, ეს ურთიერთმხარდაჭერა და პროფესიული ერთიანობა ყველაზე დიდი ძალაა, რომელიც თითოეულ წარმატებულ ნაბიჯს უდევს საფუძვლად“, - კოტე ურუშაძე.

სწორედ ეს ერთობლივი გამოცდილება და ღირებულებები აისახება იმ მიდგომებში, რომლითაც არქიტექტორი თითოეულ ახალ ამოცანას ჰპასუხობს.

ახალი ღირებულება, რომელიც დროს უძლებს

თანამედროვე არქიტექტურის განვითარება სულ უფრო მკაფიოდ აჩვენებს, რომ შენობის ხარისხი ერთ კონკრეტულ პარამეტრამდე ვერ დაიყვანება. ის მოიცავს არქიტექტურულ იერსახეს, ეკონომიკურ მიზანშეწონილობას, ფუნქციურობას, გარემოსთან ურთიერთობასა და ადამიანის საჭიროებებს.

კოტე ურუშაძისა და „მეტრიკის“ გუნდისთვის თითოეული პროექტი სწორედ ამ კომპონენტების დაბალანსების პროცესია. მიზანი არ არის მხოლოდ ისეთი შენობის შექმნა, რომელიც დღეს შეესაბამება ბაზრის მოთხოვნას. მნიშვნელოვანია, რომ მას მომავალშიც ჰქონდეს ფუნქციური ღირებულება და ქალაქის განვითარებაში დადებითი როლი შეასრულოს.

რადგან საბოლოოდ, არქიტექტურის წარმატებას მხოლოდ ის არ განსაზღვრავს, რამდენად შთამბეჭდავია შენობა დასრულების დღეს.

მთავარი კითხვაა: რას შემატებს ის ქალაქს, როგორ შეცვლის ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას და რამდენად შეინარჩუნებს ღირებულებას იმ დროსაც, როდესაც დღევანდელი არქიტექტურული ტენდენციები უკვე წარსული იქნება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები