მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არსებობს დიდი პოტენციალი იმისა, რომ საქართველო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბდეს"

5abe01a36aceb
BM.GE
30.03.18 13:20
632
„მაიქროსოფთმა“ ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება „აღმოაჩინე ციფრული ტრანსფორმაციის სამყარო“ გამართა. კომპანიის მოწვევით ციფრული ევოლუციის ფორუმში მონაწილეობა ბიზნესის ლიდერებმა და IT განყოფილების წარმომადგენლებმა მიიღეს. შეხვედრები, რომელიც პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს დაეთმო, როგორიცაა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ციფრული ტრანსფორმაცია, სოციალური ქსელების მართვის ინოვაციური გადაწყვეტილებები, ვირტუალური ჩატბოქსები და სხვა.

გვესაუბრება „მაიქროსოფთ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძე.

- ბ-ნო ნიკოლოზ, რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო ციფრული ტრანსფორმაციების თვალსაზრისით?

- საქართველო, სახელმწიფო სერვისების განვითარების მხრივ, რეგიონში მტკიცე პოზიციას ინარჩუნებს, ქვეყნის ბაზარზე ოპერირებენ ისეთი ძლიერი ადგილობრივი სააგენტოები, რომლებიც მხარს უჭერენ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებს. ამასთან, არიან წარმატებულები და მუდმივად ცდილობენ დანერგონ ინოვაციური პროდუქტები. საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო პირველი სახელმწიფო ორგანო იყო, რომელმაც უძრავი ქონების შესახებ ამონაწერი ყველაზე დაცულ სისტემაში განათავსა. კერძოდ, წარადგინა ბლოკჩეინ ტექნოლოგია, როგორც ქონების რეგისტრაციის სერვისი, რაც მიუთითებს ფაქტზე, რომ ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ საქართველოში ღიაობა მაღალია. ამავდროულად, ინტერნეტიზაცია რეგიონებში რჩება დიდ გამოწვევად. მიუხედავად იმისა, რომ დინამიკა კლებისკენაა მიმართული, პირატობის/არალიცენზირებული პროგრამული უზრუნველყოფის დონე ქვეყანაში კვლავ მაღალია, რაც ზრდის კიბერუსაფრთხოების რისკებს. აღსანიშნავია, რომ დინამიკა კლაუდ ტექნოლოგიების ადაპტირებაზე საკმაოდ მაღალია.

- რა ადგილი უკავია ქვეყანას რეგიონში უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით კუთხით?

- საქართველო უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, რეგიონსა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის ლიდერია. ამასთან, ქვეყანას აქვს უნიკალური ადგილმდებარეობა, როგორც დერეფანს ევროპასა და აზიას შორის. ქვეყანას ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აქვს გაფორმებული. ამრიგად, არსებობს დიდი პოტენციალი იმისა, რომ საქართველო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბდეს, იგი ერთმანეთთან დააკავშირებს პროდუქციასა და მომსახურებას, რომელშიც ჩართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიები და ციფრული ტრანსფორმაცია.

- როგორ შეაფასებდით ღონისძიებას, რომელიც ციფრული ტრანსფორმაციის თემაზე გაიმართა და კონკრეტულად რას მოიცავდა?

- ეს იყო პირველი მასშტაბური ფორუმი, რომელიც მაიქროსოფთის ორგანიზებითა და ხელშეწყობით საქართველოში ჩატარდა. ფორუმი მოიცავდა კომპანიის გადაწყვეტილებების გაცნობას მომხმარებლისთვის, რაც მათ დაეხმარებათ მოახდინონ ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და მიაღწიონ უფრო მეტ შედეგს. ჩვენ ამით დავეხმარებით კომპანიებს, რათა მათ გააჩნდეთ უფრო მეტი შესაძლებლობები ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს იყო არაჩვეულებრივი შესაძლებლობა იმის წარდგენისთვის, თუ რისკენ მიისწრაფვის “მაიქროსოფთი” და როგორ ხედავს კომპანია იმ ახალ მოდელს, რომელიც საქართველოში განხორციელებული გაყიდვების საფუძველზე შემუშავდა. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამახვილდეს პარტნიორ ეკოსისტემაზე და ბიზნესის გარდაქმნაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები