მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არსებობს რისკი, რომ ბიუროკრატიულმა პროცესებმა ბიზნესის ოპერირება შეაფერხოს - "რუსთავი აზოტი" უცხოელების დასაქმებაზე

შრომითი მიგრაცია

„რუსთავი აზოტი ინდორამას“ იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელის სოფიო დუღაშვილის განცხადებით, უცხოელების დასაქმების კუთხით ამოქმედებული შეზღუდვები კომპანიებისთვის დამატებით ადმინისტრაციულ ტვირთს და მრავალსაფეხურიან პროცედურებს ნიშნავს. მისი თქმით, ორგანიზაციას უკვე დაწყებული აქვს რეგულაციებზე მორგება.

1-ელ მარტს ამოქმედებული წესით, საქართველოში უცხოელის დასაქმება გარკვეულ ბიუროკრატიულ ფილტრებს გადის. კერძოდ, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს, რატომ სჭირდება მაინცდამაინც უცხოელი კადრი და ხომ არ არის ადგილობრივ ბაზარზე მსგავსი კვალიფიკაციის მოქალაქე.

„ეს არის ბიზნესისთვის ცალსახად გამოწვევა. ჩვენი ორგანიზაციისთვისაც გამოწვევაა, ვინაიდან რაოდენობრივი მაჩვენებელი და განსაკუთრებით მენეჯმენტის მიმართულებითაც არიან უცხოელები… კანონი ჯერ მაინც ახალია, რეგულაციები ახალია, პრაქტიკაში ჯერ არ არის ნაცადი და არ გამოვრიცხავ გარკვეული მოდიფიკაციები განიცადოს და მოერგოს იმ პრაქტიკულ გამოწვევებს, რაც ვადების კუთხითაც არის“, - აცხადებს დუღაშვილი და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პროცესში სახელმწიფოს მხრიდან არ შეიქმნას შემაფერხებელი გარემოებები, - „მნიშვნელოვანია დაბალანსებული მიდგომა, რომ ბიზნესი არ შეფერხდეს, რაც ყველაზე პრიორიტეტული უნდა იყოს დღეს ორივე მხარისთვის“.

მისივე განმარტებით, ახალი კანონი ავალდებულებს დამსაქმებლებს, უცხოელი კადრის დასაქმებამდე ადგილობრივ ბაზარზე შესაბამისი რესურსის მოძიების მცდელობა დაადასტურონ. ამისთვის, ვაკანსია სპეციალურ პლატფორმაზე უნდა განთავსდეს და მინიმუმ, 10 დღის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს განაცხადების მიღება. თუ ამ პერიოდში ადგილობრივი კანდიდატი არ გამოჩნდება ან ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, დამსაქმებელი ვალდებულია ეს დაასაბუთოს და შესაბამის სააგენტოს მიმართოს.

“დასაბუთებაზე მტკიცების ტვირთი, რა თქმა უნდა, მოდის დამსაქმებელზე. ამის შემდეგ სააგენტოს 3 დღე აქვს პასუხის დასაბრუნებლად. თუ საბოლოოდ დადგინდა, რომ შესაბამისი კადრი ვერ მოიძებნა ან მოძიებული კანდიდატი არ აკმაყოფილებს პოზიციის მოთხოვნებს, დამსაქმებელს შეუძლია მიმართოს კონკრეტულ ექსპერტს დასაქმების მოთხოვნით. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში მოთხოვნა იმავე პირობებით გაკეთდეს, რა პირობებითაც ვაკანსია იყო გამოცხადებული“, - აღნიშნავს დუღაშვილი.

მისივე თქმით, სტანდარტულად, პროცედურების დასრულებას შესაძლოა 30 დღე დასჭირდეს, ხოლო დაჩქარებული ვადებიც არსებობს, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ სწორი დაგეგმვის შემთხვევაში პროცესები მართვადია. „თუ წინასწარ გაქვს გაწერილი, როდის და რა რესურსი გჭირდება, ამ შემთხვევაში მართვადია, მაგრამ მოულოდნელად ამ ბიუროკრატიაში შესვლა ცალსახად შემაფერხებელია“, - თქვა მან.

მისი შეფასებით, კანონი, ერთი მხრივ, პოზიტიურ ნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან იგი საერთაშორისო პრაქტიკასთან დაახლოებას და ადგილობრივი შრომის ბაზრის დაცვას ემსახურება. თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს რისკი, რომ ბიუროკრატიულმა პროცესებმა ბიზნესის ოპერირება შეაფერხოს: „მნიშვნელოვანია, რომ ეს არ იყოს ბიუროკრატიული შემაფერხებელი. ბიზნესი არ უნდა შეფერხდეს, რადგან ეს ჯაჭვურად აისახება ეკონომიკაზეც“, - აცხადებს დუღაშვილი.

ის ასევე მიუთითებს შრომის ბაზარზე არსებულ რეალობაზე და აღნიშნავს, რომ რიგ პოზიციებზე ადგილობრივი კადრების დეფიციტია. „ლოკალური ბაზრის დაცვა პრიორიტეტია, თუმცა რეალობა ის არის, რომ ყველა პოზიციაზე შესაბამისი კადრი არ არის და ხშირად არაპრესტიჟული პოზიციები არ არის მათთვის (ადგილობრივებისთვის) საინტერესო, ეს კი აჩენს რისკებს, რომ შესაძლოა ბიზნესი შეფერხდეს“, - ამბობს იგი.

დუღაშვილის ინფორმაციით, მონიტორინგი ნაწილობრივ უკვე დაწყებულია, თუმცა აქტიური აღსრულება 1 მაისიდან იგეგმება. „არაფორმალური მონიტორინგი უკვე დაწყებულია, თუმცა ფორმალური მონიტორინგი, სადაც შრომის ინსპექცია აქტიურად ჩაერთვება, სავარაუდოდ 1 მაისიდან დაიწყება. ჯარიმებიც საკმაოდ მსუყეა“, - აღნიშნავს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები