მისივე განმარტებით, საბჭოს უმაღლეს დონეზე განიხილავენ საქართველოს ეკონომიკურ და განათლების რეფორმებს, ასევე იმსჯელებენ შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებაზე.
„5 მარტს ბრიუსელში გაიმართება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს რიგით მე-5 შეხვედრა, რომელსაც წელს საქართველო თავმჯდომარეობს. ეს იქნება მნიშვნელოვანი ფორმატი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმაოთ ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დაწყებულია და მიმდინარეობს წარმატებით. საბჭოზე უმაღლეს დონეზე იქნება განხილული ჩვენი საზოგადოებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი თემა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენ ეკონომიკურ პოლიტიკას, განათლების სისტემას და იმ მასშტაბურ რეფორმას, რომელსაც ვახორციელებთ განათლების სექტორში, ასევე ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობას, მნიშვნელოვან აქცენტს გავაკეთებთ შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის გაძლიერებაზე", - აღნიშნა მან.
პრემიერი ამბობს, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები რაც ასცოირების ხელშეკრულების უფრო აქტიურად გამოყენებას უშლის ხელს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კუთხით არსებობს გარკვეული ხარვეზები ტრანსპორტში და ზოგადად, ლოგისტიკაში, რომელიც ხელს გვიშლის, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ვაჭრობა ევროკავშირთან და კიდევ უფრო მეტად ვისარგებლოთ იმ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით, რომელიც გვაქვს ევროკავშირთან. ამ კუთხით ცალკე ფორმატი იქნება შავ ზღვაზე ეკონომიკური ურთიერთობის ინტენსიფიკაციის მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ რეფორმებზე, რომელსაც განვახორციელებთ დემოკრატიის მეტი კონსოლიდაციისთვის. შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ის აგრესიული ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ასევე, ამ პროცესში საჭიროა ევროკავშირის როლის გაძლიერება“ - აღნიშნა პრემიერმა.

























