მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Artemis II-ის ისტორიული მისია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა - რა სიახლეებია NASA-დან?

Artemis II დედამიწა

NASA-ს ისტორიული მისია Artemis II გრძელდება. აფრენიდან მეხუთე დღეს, ამერიკელი და კანადელი ასტრონავტებისგან შემდგარი ეკიპაჟი მთვარის მიზიდულობის სფეროში შევიდა.

თუ შაბათისთვის ხომალდ Orion-ს დედამიწასა და მთვარეს შორის მანძილის ორი მესამედი უკვე დაფარული ჰქონდა, დღეს უკვე ის მთვარეს გარს შემოუფრენს და ასტრონავტებს დედამიწისკენ დასაბრუნებელ ტრაექტორიაზე გაიყვანს. აღსანიშნავია, რომ ეკიპაჟმა ფოტო უკვე გადაუღო მისიის მთავარ საკვლევ ობიექტს - მთვარის სამხრეთ პოლუსსა და "აღმოსავლეთის აუზს" - ეს პირველი შემთხვევაა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ადამიანებმა აღნიშნული რელიეფის სრულად დანახვა შეძლეს.

ეს მისია არაერთი ისტორიული მიღწევით გამოირჩევა, რადგან Artemis II-ის ფარგლებში მთვარისკენ პირველად გაემგზავრა ქალი ასტრონავტი კრისტინა კოხი, პირველი ფერადკანიანი პილოტი ვიქტორ გლოვერი და პირველი კანადელი სპეციალისტი ჯერემი ჰანსენი. ექსპედიციას მეთაურობს რიდ ვაისმენი. სიმბოლურია, რომ კვირას ეკიპაჟმა მისალოცი შეტყობინება Apollo-ს ყოფილი ასტრონავტისგან, ჩარლზ დიუკისგან მიიღო. მან გაიხსენა 1972 წლის მისია, რომლის მთვარეზე დასაჯდომ მოდულს Orion-ი, ანუ სწორედ ის სახელი ერქვა, რა სახელობის კაფსულითაც ახლა ასტრონავტები ისტორიულ მისიას ასრულებენ. ლეგენდარულმა დიუკმა ახალგაზრდა კოლეგებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ახალი ხომალდის როლს ადამიანების მთვარეზე დაბრუნების საქმეში და მათ წარმატება უსურვა.

აღსანიშნავია, რომ ნახევარსაუკუნოვანი პაუზის შემდეგ განხორციელებული ეს ფრენა კოსმოსის ათვისების პროცესში უმნიშვნელოვანეს ეტაპად მიიჩნევა. Artemis II-ის წარმატება საფუძველს ჩაუყრის მომავალ მისიებს არა მხოლოდ მთვარის ზედაპირზე დასაჯდომად, არამედ ღრმა კოსმოსისა და მარსის გამოსაკვლევად. ამჟამად, ეკიპაჟი დღევანდელი დღის მანევრისთვის ემზადება, რაც მისიის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები