მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არტისტები და ტექნიკური პერსონალი ქვეყანას ტოვებს... საკლუბო ბიზნესი კოტრდება და კვდება - დავით ლეჟავა

61c47c3a2cc4d
ინგა მურუსიძე
23.12.21 19:07
2207
არტისტები და ტექნიკური პერსონალი ქვეყანას ტოვებს... საკლუბო ბიზნესი კოტრდება და კვდება - ამის შესახებ Act4Culture-ის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.

საქმე ის არის, რომ 17 დეკემბრისთვის დაანონსდა კლუბების გახსნა და ბიზნესებმა გახნისთვის მზადება დაიწყეს, თუმცა 16 დეკემბერს გამართული უწყებათშორის საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ახლა ამ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რადგან „ომიკრონის“ საფრთხე დიდია. გუშინ კლუბების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და თქვეს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილებიან და სივრცეებს მაინც გახსნიან.

„სცენის მხრიდან ეს არის გამიზნული, გაცნობიერებული თვითმკვლელობა, რადგან სხვა აღარაფერი დაგვრჩა. სფერო განადგურებულია, დაიწყო არტისტების მიგრაცია ქვეყნიდან, ასევე დაიწყო ტექნიკური ჯგუფების მიგრაცია. კოტრდება და ქრება სცენა თავიდან ბოლომდე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაინც ვკვდებით და მოდი, თავი მოვიკლათ.

აბსოლუტურად ყველა კლუბი გაკოტრების მდგომარეობაშია, განსაკუთრებით ის დიდი კლუბები, რომლებიც 22-ე თვეა დაკეტილები არიან, არანაირი ფინანსური რესურსი არ აქვთ გადარჩენისთვის. ახლანდელი დაანონსებული გახსნისთვის კლუბებმა დამატებითი რესურსი მოიზიდეს, რომ 22 თვის ჩაკეტილ კლუბებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგებინათ და კიდევ უფრო მეტ ზარალზე აღმოჩნდნენ. იანვრისთვის აღარ გვექნება საკლუბო სცენა, თუ რაიმე არ ვქენით“, - განაცხადა დავით ლეჟავამ.

მისივე თქმით, ჩატარებული კვლევებით, საკლუბო სივრცეებში ვირუსის გადადების მაჩვენებელი შეიძლება გარე სივრცეებზე 15%-ით ნაკლები იყოს და ეს იცის მთავრობამაც.

შეგახსენებთ, ღამის კლუბები უკვე 22 თვეა დაკეტილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები