მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არც მე, არც ირაკლი კობახიძე NGO-ში არ ვიყავით" - შალვა პაპუაშვილი

კობახიძე პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც "ქართული ოცნების" რიგებში მოსვლამდე, 17 წლის განმავლობაში, გერმანულ ფონდებში მუშაობდა, ირწმუნება, რომ მას და მის თანაგუნდელ ირაკლი კობახიძეს NGO-ში არ უმუშავიათ.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მმართველი პარტიის ახალ შემზღუდავ კანონპროექტს შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ "ქართული ოცნების" ინიციატივით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომელიც წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოური ძალისგან იღებს, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება.

შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორში მომუშავე პირებს საჯარო სექტორში გადასვლამდე "გაგრილების პერიოდი" სჭირდებათ.

"მე ენჯეოში არ ვყოფილვარ, არც ირაკლი კობახიძე არ ყოფილა. არც მე, არც ირაკლი კობახიძე - ჩვენ NGO-ში არ ვიყავით...

ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რომ არ იყოს მბრუნავი კარის პრინციპი, როდესაც ხან NGO-ში არიან და შემდეგ ცდილობენ, ისინი მოიყვანონ პოლიტიკურ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში იგულისხმება პარტიები, იქნება ეს პოლიტიკური საქმიანობა პარტიაში თუ გავლენა პოლიტიკურ მოვლენებზე, რომ ამისთვის აიღონ ე.წ. გაგრილების პერიოდი, რომელიც არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში. მაგალითად, როდესაც საჯარო სექტორში არის ადამიანი დასაქმებული, იმისთვის, რომ, მაგალითად, "ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის" დაიწყოს მუშაობა სჭირდება ორწლიანი პაუზა, იგივე გაგრილების პერიოდი, როდესაც არის რისკი, რომ, მისი წინა საქმიანობიდან გამომდინარე, ახალ პოზიციაზე წინა პოზიციის ინტერესების გატარებას ექნება ადგილი.

[სერგი კაპანაძე] არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ ხდება გარედან ადამიანების ტრიალი იმისთვის, რომ მოიყვანონ ხან პოლიტიკაში, ხან ერთი, ხან მეორე კარიდან ატარონ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის ბიოგრაფიის თანახმად, იგი 17 წლის განმავლობაში, 2003-2007 წლებში - გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებაში [GTZ-ში] 2007-დან 2020 წლამდე კი "გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში" სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2020 წელსვე იგი საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა "ქართული ოცნების" პარტიული სიით. კერძოდ:

  • 2003-2007წწ. გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი;
  • 2007-2015წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი;
  • 2015-2017წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე;
  • 2017-2020წწ. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი;
  • 2020 წელს - საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, იგი სხვადასხვა დროს USAID-ის, სოროსის ფონდ "ღია საზოგადოების" და UNDP-ის თანამშრომელი იყო, ვიდრე 2016 წელს "ქართული ოცნების" პარტიული სიით მე-9 მოწვევის პარლამენტარი გახდებოდა:

  • 2000-2001წწ. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი;
  • 2011-2012წწ. ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველო", ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი;
  • 2011-2012წწ. ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში, ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში;
  • 2006-2014წწ. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი;
  • 2016-2020წწ. საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები