მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არცერთ ბიზნესს მნიშვნელობა არ აქვს, ახლა მნიშვნელოვანია ქვეყანამ მომენტუმი ხელიდან არ გაუშვას“ - ბექა ბექაია

ნუტრიმაქსი

კომპანია „ნუტრიმაქსის“ მმართველი პარტნიორის ბექა ბექაიას შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები უარყოფითად მოქმედებს ყველა მოქალაქეზე და ბიზნესზე, რომელთა მიზანი ევროპული ღირებულებებით განვითარებაა. ამის შესახებ მან „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.

„როგორც მოქალაქე ვცდილობ, ჩემი აზრი გამოვხატო, საბედნიეროდ, ჯერჯერობით, კიდევ არის ამის საშუალება. რაც შეეხება ბიზნესს, აქაც ვხედავთ პრობლემებს. პირველ რიგში ვის მოსწონს ეს არეულობა, ნეგატიური მუხტი, ბიზნესისთვის ბუნებრივია, ეს დამაზიანებელია. როცა გეგმები გაქვს, ესაუბრები უცხოელ პარტნიორებს, გეგმებს სახავ, ცხადია ეს ხელის შემშლელია.

მეორე ეს ეხება გუნდის წევრებს, ჩვენ ახალგაზრდა გუნდი გვყავს, 30 წელზე ნაკლებია საშუალო ასაკი, ისინი თავისუფალი ადამიანები არიან, ყველა იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და ის მესიჯები, რასაც იღებენ, რომ შეიძლება კურსი შეიცვალოს უიმედობის განცდას უჩენთ მათ. ფიქრობენ, ნეტა აზრი ექნება თუ არა აქ დარჩენას. თეორიულად რუსულ მომავალში ცხოვრება არავის უნდა. მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ასე არ იქნება და ასევე იმედს ვიტოვებ, რომ ეს არც მთავრობის ინტერესში არ არის, თუმცა განწყობები ასეთია და ცუდ მდგომარეობაში გვამყოფებს.

პასუხისმგებლობა ამაზე ცხადია ხელისუფლებას ეკისრება და კარგად უნდა გაიაზრონ. როგორც კომპანიას კარგი ურთიერთობა გვაქვს უწყებებთან და მადლობაც მინდა ამის გამო მათ ვუთხრა, თუმცა ძირითადი ვექტორი და შიშები მნიშვნელოვანია. ჩვენ ადამიანები ვართ და ყველას ცხოვრება გვაქვს, შვლები გვყავს და მნიშვნელოვანია, რომ გარემო იყოს ისეთი, სადაც ცხოვრებას შევძლებთ. აღარაფერს ვამბობთ რომ ეს ჩვენი სამშობლოა და ამ ისტორიასთან მსხვილი ძაფებით ვართ დაკავშირებული, ყველას გვინდა, აქ ისეთი გარემო იყოს როგორსაც ვისურვებდით. ამაზე პასუხისმგებლობაც და ბერკეტებით ხელისუფლებას აქვს.

მეც როგორც მოქალაქე ვფიქრობ, სად რა შეიძლება ვაკეთო. ჩემს მომავალს რუსულ სამყაროში ვერ ვხედავ და არ შემიძლია რუსულ სამყაროში ბიზნესი ვაკეთო. მიუღებელია ის დამოკიდებულება და კულტურა, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ოკუპანტი ქვეყანა და ჩვენი მტერია“, - განაცხადა ბექაიამ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროპელი ინვესტორების როლი ბიზნესების განვითარებაში უმნიშვნელოვანესი იყო. სწორედ მათი მეშვეობით ხდება ქართულ კომპანიებში შესაბამისი ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოზიციონირებას უწყობს ხელს.

„ჩვენ არ ვართ დიდი ქვეყანა, არც რესურსები გვაქვს, რით შეიძლება იყოს საინტერესო ხომ? ჩვენ ასეთი ხედვა გვაქვს, რომ აქ უნდა იყოს კარგი გარემო. ოაზისი უნდა იყოს, თავისუფალი გარემო უნდა იყოს, ბევრ ადამიანს უნდა ჰქონდეს სურვილი აქ ჩამოსვლის და მუშაობის. აქტიურად ვმუშაობთ ევროპელ პარტნიორებთან იმაზე, როგორ გავხადოთ ეს ქვეყანა ჰაბი, რომ შუა აზიის ბაზარზე ერთად განვვითარდეთ აქამდე ასე იყო, თუმცა შარშანაც დაგვისვეს კითხვები საითკენ მიდის ქვეყანა, ეს მათთვის მნიშვნელოვანია. თუ ქვეყანამ ევროპული ვექტორიდან გადაუხვია, მაშინ ინტერესს ავტომატურად დაკარგავს.

ჩვენი კომპანიის ჩამოყალიბება დიდ წილად ევროპული პარტნიორების ღირებულებებით მოხდა, იგივე გამჭვირვალობა, ადამიანებთან, ერთმანეთთან ურთიერთობა, ბიზნესის კეთების სტილი, ეს მნიშვნელოვანია. ასევე ტექნოლოგიური ცოდნა.

ყველას შიშები გვაქვს, მაგრამ იმედი მაქვს ეს გაქარწყლდება, იმედია საბოლოო ჯამში ერის კონსოლიდაცია მოხდება და ამ არჩეულ კურსს არ გადავუხვევთ, რადგან კარგი მომენტუმი გვაქვს, ასწლეულების განმავლობაში ასეთი მომენტუმი შეიძლება მეორედ არ დადგეს. თუ ეს მომენტუმი გავუშვით, არ ვიცით ჩვენი შვილები სად იცხოვრებენ, ამიტომ ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ ამაში. არცერთ ბიზნესს მნიშვნელობა არ აქვს, ყველაფერი წარმავალია, თუ რამის გამკეთებლები ვართ ყოველთვის შევძლებთ ამის გაკეთებას, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს მომენტუმი ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას“, - განაცხადა ბექა ბექაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები