ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი ამირან გუგუშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა "360 გრადუსში" ამბობს, რომ ძვირად ღირებული ნივთები, ოქროს ნაკეთობების ჩათვლით, რომელიც პროკურატურამ ამოიღო, არ ეკუთვნის არც ღარიბაშვილს და არც მის ოჯახის წევრებს.
დღეს, 14 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ექსპრემიერმა სასამართლოს მიერ შეფარდებული ₾1 მილიონის გირაო სახლით უზრუნველყო. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-ის ღარიბაშვილის ადვოკატმა დაუდასტურა.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ თბილისში, ვაკეში, მოსაშვილის #10-ში ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაში არსებული 170 კვ.მ. ფართობის ბინასა და 38 კვ.მ.-ის ფართის დამხმარე სათავსოს ყადაღა 10 ნოემბერს დაადო.
„არაფერი უჩვეულო არ მომხდარა. ბრალდებულთა უმრავლესობა, ვისაც გირაოს სახით ფულადი თანხა აქვს შეფარდებული და თუ ეს თანხა არის სოლიდური, ყველა ახდენს საკუთარი საცხოვრებელი სახლით ან სხვა უძრავი ქონებით გირაოს უზრუნველყოფას. როგორც წესი თუ ქონების ღირებულება შეესაბამება გირაოს ოდენობას ან აღემატება, სასამართლო აკმაყოფილებს მიმართვას. ბუნებრივია, რომ თანხის მოცულობის გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და ეს ალტერნატივა იქნა მიღებული.
თანხა, რომელიც ამოღებულ იქნა ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად, ბუნებრივია, არის მტკიცებულება და მისი გამოყენება გირაოს უზრუნველსაყოფად ვერ გამოდგებოდა.
ასევე ვიტყვი, რომ არცერთი ძვირად ღირებული ნივთი: ოქროს ნაკეთობები, მითუმეტეს ზოდები, რომელზეც გამოძიებამ პრესკონფერენცია ჩაატარა, მოგეხსენებათ, რამდენიმე ადამიანის და ოჯახის მიმართ განხორციელდა ეს საგამოძიებო მოქმედება, არცერთი ეს ნივთი არ არის არც ირაკლი ღარიბაშვილის კუთვნილება, მისი ჩხრეკის შედეგად ამოღებული და არც მისი ოჯახის წევრების. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ყველა ეს ნივთი ამოღებულ იქნა სხვა პირთა ჩხრეკის შედეგად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილის სისხლის სამართლის საქმესთან პირდაპირი და ირიბი შემხებლობა არ გააჩნია“,- განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, რა ეტაპზეა გამოძიება, ადვოკატი პასუხობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ყოფილი პრემიერი პირველივე დღიდან თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან.
„გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებიდან გამომდინარე გარკვეულ კომენტარებს ვერ გავაკეთებ. ბუნებრივია, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან გამოძიების დაწყების პირველივე დღიდანვე. ბევრს გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ იქნა გამოყენებული გირაო. პროცესუალური სტანდარტი ასეთია თუ პირი არაძალადობრივ დანაშაულებზე თანამშრომლობს გამოძიებასთან, მზად არის მნიშვნელოვანი გირაოს ან უძრავი ქონების ვალდებულებით დატვირთვის, თუ არ არსებობს სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი, მისი წარსული, სწორედ ამიტომ იქნა გამოყენებულ ასეთი აღკვეთის ღონისძიება", - აცხადებს ადვოკატი.




























